ნოტინგემში სამი ადამიანი მოკლეს, პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა
ნოტინგემში სამი ადამიანი მოკლეს, პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა

გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ნოტინგემში სამი ადამიანი მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი დააკავა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, დღეს, გამთენიისას პოლიციელები გამოიძახეს ილკესტონ როუდზე, სადაც მათ ორი მოკლულის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამართალდამცველები გამოიძახეს ქალაქის სხვა რაიონში, სადაც სამ ადამიანს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გაიყვანეს.

მოგვიანებით პოლიციელებმა მილტონ სტრიტზე კიდევ ერთი მოკლული მამაკაცის ცხედარი ნახეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სამივე ინციდენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ამჟამად შემთხვევის ადგილებზე კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის გამო ნოტინგემში ქუჩების ნაწილი დაკეტილია, რაც საავტომობილო მოძრაობას აფერხებს. ქალაქში დროებით შეწყდა ტრამვაის მოძრაობა.