ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - ნორვეგია მხარს დაუჭერს უკრაინელი პილოტების წვრთნას F-16 ტიპის თვითმფრინავების სამართავად
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - ნორვეგია მხარს დაუჭერს უკრაინელი პილოტების წვრთნას F-16 ტიპის თვითმფრინავების სამართავად

ნორვეგია მხარს დაუჭერს უკრაინელი პილოტების წვრთნას F-16 ტიპის თვითმფრინავების სამართავად, – ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრემმა განაცხადა.

„ნორვეგია განიხილავს სხვადასხვა გზას, რათა ხელი შეუწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად“, – აღნიშნა გრემმა.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ნორვეგიის მთავრობა დადებითად უყურებს „მებრძოლთა კოალიციის“ შექმნის ინიციატივას.

„მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ნორვეგია ახლა აფასებს, თუ როგორ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკრაინელი პილოტების მომზადებაში“, – აღნიშნა გრემმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას დიდი ბრიტანეთი ქვეყნების საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი პილოტების მომზადებას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად. კოალიციაში უკვე შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ამერიკის შეერთებული შტატები და პორტუგალია.