ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე პრინცესას ვაჟს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
(FILES) This file photo taken on June 16, 2022 in Oslo, Norway, shows Marius Borg Høiby, son of Norwegian Crown Princess Mette-Marit. On trial for rape and assault, Marius Borg Høiby, son of Norways Crown Princess, will learn his fate on June 15, 2026 in a case that has tarnished the image of the monarchy. (Photo by HAKON MOSVOLD LARSEN / NTB / AFP)
ორშაბათს, 15 ივნისს, 7-კვირიანი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მარიუს ბორგ ჰოიბი გაუპატიურებასა და ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ პროცესმა ნორვეგიის სამეფო ოჯახის რეპუტაცია კიდევ უფრო შელახა.
მარიუს ბორგ ჰოიბი ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც დედამისი, მეტე-მარიტი, 2001 წელს კრონპრინც ჰოკონზე დაქორწინდა. ოსლოს სასამართლომ ჰოიბი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების ორ ეპიზოდში, რომელთაგან ერთ-ერთი კრონპრინცის სახლის სარდაფში მოხდა.
გაუპატიურების კიდევ ორ სხვა ბრალდებაში ის მართლმსაჯულებამ გაამართლა.
29 წლის ჰოიბი მის წინააღმდეგ წარდგენილ ყველაზე მძიმე ბრალდებებს, მათ შორის გაუპატიურებს, არ აღიარებდა, თუმცა რამდენიმე ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა დაადასტურა. მას განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს. პროკურატურა მისთვის შვიდი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
საქმის განხილვისას ჰოიბის ნარკოდამოკიდებულება და სექსუალური ხასიათის პირადულ ვიდეოჩანაწერებში მისი მონაწილეობა გამოაშკარავდა. მტკიცებულების სახით, სასამართლოს 800-ზე მეტი ელექტრონული წერილი წარედგინა.
„სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მან [მსხვერპლმა] ვერ შეძლო თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა ოსლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იონ სვერდრუპ ეფიესტადმა, კრონპრინცის რეზიდენციაში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე განაჩენის წაკითხვისას.
ჰოიბი განაჩენის გამოცხადებას ვიდეოკავშირის საშუალებით ადევნებდა თვალს ციხიდან, სადაც ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
დაზარალებული სასამართლო დარბაზში ატირდა
მათგან, ვინც ტახტის მემკვიდრე პრინცესას ვაჟს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სასამართლოში განაჩენის მოსასმენად მხოლოდ ერთი ქალი გამოცხადდა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ჰოიბი მისი გაუპატიურების საქმეში დამნაშავედ ცნო, მან ტირილი დაიწყო და ცრემლები ადვოკატის მიერ მიწოდებული ხელსახოცით მოიწმინდა.
ჰოიბის ქმედებებმა კიდევ უფრო დააზიანა სამეფო ოჯახის პოპულარობა და საზოგადოებრივი იმიჯი, რომელსაც ეპშტაინის საქმესთან დაკავშირებულმა სკანდალმა ისედაც მიაყენა ჩრდილი.
პრინცესა მეტე-მარიტმა უკვე აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს ჯეფრი ეპშტაინის გასამართლების შემდეგ, მაინც აგრძელებდა სექსუალურ დამნაშავესთან ურთიერთობას.
Norstat-ის გამოკითხვამ, რომელიც 21 თებერვალს – ჰოიბის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას – გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ იმ ნორვეგიელების რაოდენობა, რომლებიც მონარქიის შენარჩუნებას უჭერენ მხარს, რეკორდულ მინიმუმამდე, 60%-მდე შემცირდა.