ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – არ არსებობს წინააღმდეგობა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და, ამავდროულად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობას შორის
უკრაინის მხარდაჭერასა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ ჰელსინკში, უკრაინისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს.
„გაჩნდა კითხვები, თითქოს, ან უკრაინას უჭერ მხარს სამხედრო კუთხით, ან მშვიდობაზე საუბრობ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. გარკვეულ ეტაპზე და უკრაინა ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო, ხმამაღალ და თანმიმდევრულ პოზიციას აფიქსირებს, მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაიმართოს. შესაბამისად, არ არსებობს წინააღმდეგობა უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის აღმოჩენასა და, ამავდროულად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობას შორის“, – აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, პუტინთან სატელეფონო საუბარი დროული იყო.
„ჩვენ საკუთარი სახელით ვისაუბრეთ, თუმცა უკრაინის მხარდასაჭერად. გადავეცით ის, რაც, ჩვენი აზრით, პუტინისთვის სწორედ ახლა უნდა გვეთქვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ საუბარი დროული იყო“, – აღნიშნა ეიდემ.
ცნობისთვის, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. სტუბის განცხადებით, საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო.