ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსს“ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ სტატიის შესწორება სთხოვა, „ფაინენშალ თაიმსი“ აცხადებს, რომ სტატიაში ცვლილების შეტანას არ აპირებს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ „ფაინენშალ თაიმსს“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესწორება სთხოვა.
ინფორმაციას TV 2 ავრცელებს.
27 ოქტომბერს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ და ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. მათი თქმით, საუბრის მიზანი დეესკალაციის შესაძლებლობების შესწავლა და დიალოგისთვის ევროპული არხის შექმნა იყო.
„ფაინენშალ თაიმსმა“ კი გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინი თითქმის მთელი დროის განმავლობაში უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ ძირეულ მიზეზებზე“ საუბრობდა. სტიორე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ „ფაინენშალ თაიმსს“ ამ ინფორმაციის შესწორება ვთხოვეთ, რადგან ის რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
იონას გარ სტიორეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არსებული ვითარების შესახებ საკუთარი ხედვის გადმოცემა ითხოვა და ამ კონტექსტში 2014 წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენების ისტორია მიმოიხილა.
„ამიტომ მტკიცება, თითქოს მან სლავური ისტორიის შესახებ ლექცია წაიკითხა, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა სტიორემ.
სტიორემ ასევე უარყო, რომ ვლადიმერ პუტინი საუბარში დროის ხანგრძლივობის თვალსაზრისით დომინირებდა.
„ჩვენ საათ-ნახევარი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, თარჯიმანიც იყო, ამიტომ დროის გარკვეული ნაწილი თარგმანს ეთმობოდა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საუბრის დრო საკმაოდ თანაბრად განაწილდა. სავარაუდოდ, დაახლოებით თანაბარი დრო დავუთმეთ საუბარს. თუმცა ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები წარმოვადგინეთ, რომლებზეც პასუხის მიღებას ვითხოვდით“, – განაცხადა სტიორემ.
გამოცემა VG-ს ცნობით, „ფაინენშალ თაიმსმა“ გამოცემას განუცხადა, რომ სტატიაში რაიმე ცვლილების შეტანას არ აპირებს. მათივე ინფორმაციით, გაზეთს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს და არც წყაროების გამხელას აპირებს.
შეგახსენებთ, „ფაინენშელ თაიმსმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 ოქტომბერს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის უმეტესი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შუა საუკუნეების სლავური ისტორიის მოყოლას დაუთმო. მედიის სამი წყაროს ცნობით, ომის დასრულების გზებზე მსჯელობის ნაცვლად, პუტინმა ევროპელ ლიდერებს ვრცელი მონოლოგი წარუდგინა იმის შესახებ, რასაც კრემლი „კონფლიქტის საწყის მიზეზებს” უწოდებს.