ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ნორვეგია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, უკრაინული დრონების წარმოება ნორვეგიის ტერიტორიაზეც დაიწყება
ნორვეგია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, უკრაინული დრონების წარმოება ნორვეგიის ტერიტორიაზეც დაიწყება, – ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შეთანხმება ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას: ნორვეგია მხარს დაუჭერს უკრაინაში დრონების წარმოებას, ხოლო უკრაინა ნორვეგიას გაუზიარებს მონაცემებს, ინფორმაციასა და გამოცდილებას, რომელიც ომში მიღებულ პრაქტიკას უკავშირდება.
ამასთან, უკრაინული დრონები ნორვეგიის ტერიტორიაზეც დამზადდება.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის გამოცდილებიდან სწავლა.
„სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ამავდროულად, ფრონტის ხაზზე მიღებულ გამოცდილებას ვიყენებთ საკუთარი თავდაცვის განვითარებისთვის. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება უკრაინაში და უკრაინელები ბევრ რამეს გვასწავლიან თანამედროვე ომის შესახებ“, – განაცხადა იონას გარ სტიორემ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის, დრონების წარმოების შესახებ შეთანხმება, რომელიც, ზელენსკის თქმით, შეიძლება, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გახდეს.