მედიის ინფორმაციით, ნორვეგიის ისტორიაში პირველად მღვდელმსახურები გაიფიცნენ
მედიის ინფორმაციით, ნორვეგიის ისტორიაში პირველად მღვდელმსახურები გაიფიცნენ

ნორვეგიის ისტორიაში პირველად მღვდელმსახურები გაიფიცნენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გაფიცვის მიზეზი უკავშირდება სახელფასო დანამატების გარშემო არსებულ დავას, რომელიც საეკლესიო საბჭოსა და ლუთერანულ ეკლესიას შორის მიმდინარეობს.

კერძოდ, 2015 წელს ნორვეგიაში გაუქმდა რეგულაცია, რომელიც პასტორებს ეკლესიის მიერ გამოყოფილ სახლებში ცხოვრებას ავალდებულებდა. ამის გამო, მღვდელმსახურებს ხელფასებზე დანამატი დაუნიშნეს, რომელიც წელიწადში 4 800 ევროს შეადგენდა. ამ თანხით მათ სახლის დაქირავება შეეძლოთ.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საეკლესიო საბჭომ ახალი მღვდელმსახურებისთვის ამ დანამატის გადახდაზე უარი განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან კლესიის მსახურთა პროფკავშირები, რომლებმაც გაფიცვა წამოიწყეს. შედეგად, ნორვეგიაში საშობაოდ მღვდელმსახურების დეფიციტი შეინიშნებოდა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე საეკლესიო საბჭო გადაწყვეტილებას არ გადახედავს.