ნორვეგიის ელჩი ელენე სანდ ანდრესენი ​- როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ [ვიდეო]

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ელჩი ვიდეომილოცვაში აღნიშნავს, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის პოლიტიკურ არჩევანს, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს.

პირველად თქვენს ლამაზ ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. დღეს უკვე ნათელია, განვითარების რომელი გზა აირჩიეთ თქვენ. ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის პოლიტიკურ არჩევანს, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და რწმენას, რომ ორივე ქვეყანა თავის საზოგადოებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების პატივისცემაზე დაყრდნობით აშენებს.

ჩვენ ყველა იმედით მოველით, რომ ოქტომბერში ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მოწმენი გავხდებით“, – აცხადებს ელენე სანდ ანდრესენი.

ელჩი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ამ გაზაფხულზე მთელი მსოფლიოსა და ყველა ჩვენგანის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა. ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველია. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას. მინდა, მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მთელ სამედიცინო პერსონალს და პანდემიასთან ბრძოლაში მოწინავე რიგებში მდგარ ყველა ადამიანს.

მაღალ შეფასებას ვაძლევთ მთავრობის მუშაობას, პანდემიაზე მათ სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. გულითად მადლობას ვუხდით ასევე ქართველ ხალხს, ვინც ამ მძიმე პერიოდში სასწაულებრივი გამძლეობა გამოიჩინა.
პანდემიამ მძიმე კვალი დატოვა უამრავი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზეც. მჯერა, რომ ქართველი ხალხის გამძლეობა და მდიდარი რესურსი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, დაეხმარება ქვეყანას, გადალახოს სირთულეები და დაადგეს განვითარების გზას.

ნორვეგია საერთო მიზნების მიღწევაშიც საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება.

როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – აცხადებს საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელენე სანდ ანდრესენი.