ნორვეგიის ახალმა მეფემ, ჰოკონ VIII-მ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო

18:00, 01.09.2026
ნორვეგიის ახალი მეფე ჰოკონ VIII

ნორვეგიის ახალი მეფე ჰოკონ VIII

ნორვეგიის ახალმა მეფემ, ჰოკონ VIII-მ პარლამენტის წინაშე ქვეყნის კონსტიტუციის ერთგულების ფიცი დადო.

53 წლის ჰოკონი ტახტზე ავტომატურად მამის, მეფე ჰარალდ V-ის სიკვდილის შემდეგ ავიდა, რომელიც 28 აგვისტოს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიცის დადების ცერემონიალს მისი მეუღლე, დედოფალი მეტე-მარიტი ესწრებოდა.

სამეფო ტახტი ჰოკონ VIII-მ ნორვეგიის მონარქიისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი ზრდის ფონზე ჩაიბარა. ნორვეგიელთა თითქმის სამი მეოთხედი (72 პროცენტი) მმართველობის ამ ფორმას მხარს უჭერს. ჰარალდის გარდაცვალების შემდგომ უქმეებზე Norstat-ის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის (NRK) მიერ გამოქვეყნებული მისი შედეგების თანახმად, მაისში ჩატარებული წინა კვლევის შედეგებს ეს მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით აღემატება.

გამოკითხულთა 20 პროცენტს მმართველობის სხვა ფორმას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო 8 პროცენტს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია. მონარქიისადმი მხარდაჭერა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე თებერვალში დაეცა, როდესაც მას ნორვეგიელთა 60 პროცენტი უჭერდა მხარს, 27 პროცენტი კი მმართველობის ალტერნატიულ ფორმას ემხრობოდა.

იმ პერიოდში სამეფო ოჯახი სკანდალების სერიამ შეაზანზარა. მეტე-მარიტს ამერიკელ სექსუალურ დამნაშავესთან, ჯეფრი ეპშტეინთან წარსულში არსებული კავშირებისა და თავისი ვაჟის, მარიუს ბორგ ჰოიბის სამართლებრივი პრობლემების გამო, მკაცრი კრიტიკა დაატყდა თავს.

ჰოიბი, რომელიც ახლა 29 წლის არის, მეტე-მარიტს 2001 წელს ჰოკონზე გათხოვებამდე, ქორწინების გარეშე შეეძინა. მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა გაუპატიურების ორი ეპიზოდისა და კიდევ 32 სხვა ბრალდებისთვის, მათ შორის ყოფილ პარტნიორზე ძალადობისთვის მიესაჯა. იმის მიუხედავად, რომ კიდევ ორი სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე მას ბრალდება მოეხსნა, სასამართლოს განაჩენი მაინც გაასაჩივრა.

სააპელაციო საჩივრის განხილვის მოლოდინში, ჰოიბი შინაპატიმრობაში იმყოფება და ელექტრონულ სამაჯურს ატარებს. ჰარალდის გარდაცვალების წინა დღეს, მას საავადმყოფოში მომაკვდავი მეფის მონახულების ნება დართეს. ჰოიბი 31 აგვისტოს იმ პირთა შორის იყო, რომლებმაც გარდაცვლილი მეფის ნეშტი ოსლოს სამეფო სასახლის სამლოცველოში გადაასვენეს. მას ასევე ნება დართეს, 9 სექტემბერს ჰარალდ V-ის დაკრძალვას დაესწროს.

სტატიის ავტორი :ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტოს ავტორი: ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BGNES-ი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 სექტემბერი, 2026 წელი, 13:14 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი