ნორვეგიაში სექსუალური ძალადობის 151 საქმეში კვალი სოფლის ეკლესიამდე მიდის
ნორვეგიაში სექსუალური ძალადობის 151 საქმეში კვალი სოფლის ეკლესიამდე მიდის

ნორვეგიის ჩრდილოეთით, ტიუსფიორდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ დრაგში თითქმის 70 წელია საზარელი საიდუმლო ინახება. საიდუმლო დღეს, ათწლეულების შემდეგ გამჟღავნდა.

ნორვეგიის პოლიციამ ქალებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის 151 საქმე გახსნა. ყველაზე ძველი დანაშაული 1953 წლის აგვისტოთი თარიღდება.

სექსუალური ძალადობის 83 მსხვერპლიდან 40 ათ წლამდე ბავშვი იყო. მათი უმრავლესობა საამების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სკანდინავიის ტერიტორიაზე 1000 წელზე მეტია ცხოვრობენ.

2016 წელს ნორვეგიულმა გამოცემამ Verdens Gang-მა დრაგში მომხდარი დანაშაულებრივი ციკლის შესახებ პირველი ინფორმაცია გაავრცელა, რასაც „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა. ნორვეგიულმა გამოცემამ ძალადობის 11 მსხვერპლის შესახებ სტატია მოამზადა. სწორედ აღნიშნული ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დრაგის საქმით სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდნენ.

ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ ძალადობის მსხვერპლად ქცეული ქალები დაჰკითხა, მათგან რამდენიმე გარდაცვლილია, ყველაზე უხუცესი კი, რომელიც კვლავაც სოფელ დრაგში ცხოვრობს, 80 წლისაა. მან 60-წლიანი დუმილი დაარღვია.

ნორვეგიის პარლამენტის საბჭოში საამების წარმომადგენელმა ვიბეკე ლარსენმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ გამოძიების შედეგი მისთვის დაუჯერებელია.

„ეს არის უდიდესი სირცხვილი და ტრაგედია ჩვენი თემისთვის, რომელიც ნორვეგიისთვის მოუშუშებელ ჭრილობად იქცა“, – აღნიშნა ლარსენმა.

ოსლოში გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე სამმა სამართალდამცველმა გამოძიების დეტალები მედიას გააცნო. გამოძიების თანახმად, მოზარდებზე სექსუალური ძალადობის კვალი ადგილობრივ ეკლესიამდე მიდის, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის 2000-კაციან მოსახლეობას პურიტანული დოგმების დაცვისკენ მოუწოდებდა. პოლიციის ოფიცერმა ტონ ვანგენმა აღნიშნა, რომ დანაშაული იმდენად ძველია, მოძალადეთა დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარც არის.

„ამ პატარა თემში ხმამაღლა ლაპარაკს ვერავინ ბედავდა, ამიტომაც მათი დუმილით დამნაშავეები ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ“, – განაცხადა გამომძიებელმა.

დრაგის დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, საამების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა ილვა მარია პავალიმ წერილი გამოაქვეყნა. მან ნორვეგიის მთავრობას შეახსენა, რომ ყველაზე შორეულ ქალაქებში მცხოვრებ საამების ეთნიკურ უმცირესობაზე ზრუნვა უმთავრესია.

„ახლა მთავარია ამ ტრაგედიის გამოვლენის შემდეგ საამებმა ნორვეგიელების მიმართ ნდობა არ დაკარგონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ყველა მათგანი და მოვუსმინოთ მათ“, – წერს ილვა მარია პავალი.