ნორვეგია დაახლოებით 695,7 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 
ნორვეგია დაახლოებით 695,7 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 

ნორვეგია დაახლოებით 695,7 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინას გერმანიიდან გადასცემენ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სთიორეს განცხადებით, „გერმანია და ნორვეგია მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას მის ბრძოლაში ქვეყნისა და სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან“.

ცნობისთვის, ნორვეგია და გერმანია აფინანსებენ ორ Patriot-ის ტიპის სისტემას, მათ შორის, მათთვის საჭირო რაკეტებს.

გარდა ამისა, ნორვეგია მონაწილეობს გერმანული მწარმოებლის, Hensoldt-ის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური სადგურებისა და Kongsberg-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაში.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ტორე ო. სანდვიკის თქმით, „საჰაერო თავდაცვას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო დანაყოფებისა და ინფრასტრუქტურის დაცვისთვის“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსებას ალიანსის სხვა წევრების შენატანების ხარჯზე. მანამდე ნიდერლანდებმა ამ მექანიზმის ფარგლებში უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი მოამზადა, რომელშიც შედის კომპონენტები და რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. შვედეთი, ნორვეგია და დანია ერთობლივად გამოყოფენ დაახლოებით 500 მილიონ დოლარს. ლატვიამ გამოაცხადა, რომ შეუერთდება ამ ინიციატივას, თუმცა საბოლოო თანხა ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია.