ნონა ქურდოვანიძე - 109 შემაჯამებელი ოქმი ვნახეთ, რომელზეც უშუალოდ ხმების გადათვლასა და ბათილობას ვითხოვდით
ნონა ქურდოვანიძე - 109 შემაჯამებელი ოქმი ვნახეთ, რომელზეც უშუალოდ ხმების გადათვლასა და ბათილობას ვითხოვდით

საბოლოო ჯამში, ჩვენ 109 შემაჯამებელი ოქმი ვნახეთ, რომელზეც უშუალოდ ხმების გადათვლასა და ბათილობას ვითხოვდით, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენ ვდაობდით კენჭისყრის დღეს ხმის შეჯამების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, რომლის განხილვის ვადები უკვე დასრულებულია და ამაზე შედეგები გვაქვს. ასევე, რა თქმა უნდა, ვდაობდით შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რომელიც ამ არჩევნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ბევრი იყო ისეთი შემაჯამებელი ოქმი, სადაც ფიქსირდებოდა დისბალანსი, გადასწორების ფაქტი და სხვა ტიპის დარღვევები, რაც იწვევდა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საჭიროებას კომისიის კონკრეტულ წევრებთან მიმართებით, ან ხმების ხელახალ გადათვლას. საბოლოო ჯამში, ჩვენ 109 ასეთი შემაჯამებელი ოქმი ვნახეთ, რომელზეც უშუალოდ ხმების გადათვლას და ბათილობას ვითხოვდით“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენი შემოწმებული ოქმიდან აღმოჩნდა დარღვევების მქონე 109 შემაჯამებელი ოქმი და შემოწმდა თუ არა ქვეყნის მასშტაბით ყველა ოქმი, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საია შეეცადა, ყველა ოქმი და ყველა გამოკვეთილი დარღვევა ენახა.

„თუმცა, არ გამოვრიცხეთ ის ფაქტი, რომ იმის გამო, რომ გასაჩივრებისთვის ძალიან შემჭიდროვებული ვადები იყო, ორი დღე, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, შესაძლოა, ვერ მოხდა ყველა ფაქტის გამოვლენა. ჩვენ შევეცადეთ, ყველა გამოკვეთილი დარღვევა გვენახა. გვქონდა ჩვენი სტანდარტი, რის მიხედვითაც განვსაზღვრავდით, რომელი შემაჯამებელი ოქმი იყო პრობლემური და რომელი არა. საბოლოო ჯამში, ასეთი 109 ოქმი აღმოჩნდა, რომელზეც უშუალოდ გადათვლის მოთხოვნით, ან სხვადასხვა მონაცემის დაზუსტებისა და გადათვლის მიზნით მივმართეთ“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ორი დღის ვადაში განხილვა გაიმართა და საჩივრების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით არ დაკმაყოფილდა.

„აქედან, მხოლოდ 19 უბანი იყო ისეთი, რომლის სხვადასხვა მონაცემი შემოწმდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო მინიმალურ დონეზე შემოწმება. აქ იგულისხმება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნის გახსნა და ამ მონაცემების შედარება. ეს იყო ისეთი ფაქტები, როდესაც გადასწორებული მონაცემის სისწორე საეჭვო იყო და მისი ნამდვილობა ჩანაწერთა წიგნთან მიმართებით გადამოწმდა და იშვიათი გამონაკლისი იყო ისეთი უბნები, სადაც მონაცემები მთლიანად გადაითვალა. საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ იმის გამო, რომ სასამართლოში ყველა დავის წარმოება შესაძლებელი არ იყო, მათ შორის, რესურსის თვალსაზრისითაც, სასამართლოში 38 შემაჯამებელ ოქმზე ვიდავეთ, საიდანაც უკვე გვაქვს საბოლოო მონაცემები“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ ოპოზიციას გაცილებით ბევრი, დაახლოებით, 1 300-მდე საჩივარი აქვს დაწერილი მაშინ, როცა საია იმ ოქმებს ნახულობდა, რომლებზეც ხელი მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ მოწერილი, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საია ოქმის ტექნიკურ გამართულობას ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა მას შესაბამისი რეკვიზიტები და პირველ რიგში იმას, ფიქსირდებოდა თუ არა მეტობა.

„გეთანხმებით, რომ პარტიებს ნამდვილად უფრო ბევრი საჩივარი აქვთ, რაც შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი თითოეულ უბანზე ჰყავდათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა უბანს ვერ მოვიცავდით და შესაძლოა, მათ თავიანთი წარმომადგენლების მხრიდანაც ჰქონოდათ ინფორმაცია“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.