ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის საკითხზე კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს
ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის საკითხზე კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს.

მისი თქმით, 4 ოქტომბრიდან მოყოლებული, კუჭავასგან ითხოვს ნებართვას, მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს, თუმცა როგორც მამულაშვილი ამბობს, ამ დრომდე მისგან პასუხი ვერ მიიღო.

მამულაშვილის თქმით, ასევე სურს, პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღოს განმარტება, რატომ არ შემოუშვეს დღეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი.

„კახა კუჭავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძირითადად ცდილობს, რომ დამემალოს. მერამდენედ არის მასთან შესული წერილი თხოვნით, რომ შევიდე მიხეილ სააკაშვილთან. მისი აპარატი მეუბნება, რომ კახა კუჭავა ვერ მხვდება, რადგან მას აქვს გადატვირთული გრაფიკი. შესაბამისად, ვერც პასუხს მცემს იმ წერილებზე, რომლებიც მივწერე. კიდევ იმუქრება, რომ თუ გავაგრძელე ასეთი სახით კომუნიკაცია, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას საერთოდ ყველას აუკრძალავს. ამიტომ, ბატონო კახა, ვიდრე პატარა დიქტატორად ჩამოყალიბდები, გეუბნებით, რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება, ყოველთვის ვერ ამოეფარებით მანდატს და ადრე თუ გვიან, მოგიწევთ, გამცეთ პასუხი, რატომ არ მიშვებთ კონკრეტულად მე მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

პარლამენტში კახა კუჭავა ამ წუთებში არ იმყოფება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ განმარტა, კუჭავა თავისუფლების მოედანზე აქციაზე იმყოფება.