ნონა მამულაშვილი - ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ გაძლიერდა რუსეთის როლი საქართველოში
ნონა მამულაშვილი - ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ გაძლიერდა რუსეთის როლი საქართველოში

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გაძლიერდა რუსეთის როლი საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

როგორც ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, ყველამ ნახა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამხელა ყურადღება დაეთმო საქართველოს ზოგადად დასავლეთში და რა მასშტაბის დიპლომატები თუ პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში, რათა გაეცნონ ადგილზე მიმდინარე პროცესებს, რეალურად შეაფასონ, რა მდგომარეობაა რამხელა გავლენა მოიპოვა რუსეთმა ბოლო რვა წლის განმავლობაში ამ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში.

„ეს იქნება ის თემები, რის შესახებაც ვესაუბრებით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს. სენატორებთანაც ანალოგიური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ როგორ გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ ხვალიდან საუბარს. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, კოვიდის მენეჯმენტს და უმთავრესი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოება, მიშელის შეთანხმება და ამნისტიის კანონის შესახებ ჩვენ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს; შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.