ნოლანის ფილმი „ოდისეა“ რეკორდებს ხსნის და კუნძულ ითაკას ტურისტულ ბუმს ჰპირდება

14:49, 11.08.2026
ითაკა სტუმრების მოლოდინშია - შეძენს თუ არა "ოდისეა" ახალ სიცოცხლეს კუნძულის ტურიზმის ინდუსტრიას?

ითაკა სტუმრების მოლოდინშია - შეძენს თუ არა "ოდისეა" ახალ სიცოცხლეს კუნძულის ტურიზმის ინდუსტრიას?

1 მილიარდ 100 მილიონი დოლარი პრემიერიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში – ასეთია კრისტოფერ ნოლანის „ოდისეას“ შემოსავალი, რაც რეჟისორის ფილმებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. საბერძნეთის კუნძულ ითაკაზე, რომელიც ოდისევსის სამშობლოდ მიიჩნევა, ხალხი ფილმის წარმატებით აღფრთოვანებულია და იმედოვნებს, რომ ეს საუკეთესო რეკლამა იქნება რეგიონისთვის, სადაც ჰომეროსის ეპოსში აღწერილი მოვლენები განვითარდა.

 

იტალიელი ტურისტი, ჯორჯია ონგარატო სულუთქმელად ელის თავისი ოცნების ასრულებას – ფეხი დადგას ითაკის მიწაზე , სადაც, გადმოცემის თანახმად, ოჯახთან ხანგრძლივი განშორებისა და ტროას ომის დასრულების შემდეგ, ოდისევსი დაბრუნდა.

ჯორჯია ონგარატო, ტურისტი იტალიიდან: „ყოველთვის ვოცნებობდი, ითაკა მენახა. ბერძნული ვისწავლე, „ოდისეა“ წავიკითხე და ოდისევსი ძალიან მომწონს“.

კრისტალურად სუფთა წყალი, განმარტოებული, წყნარი ყურეები და პლაჟები, კვიპაროსისა და ზეთისხილის ხეები… თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, იონიის ზღვაში მდებარე ითაკა ყოველთვის პოპულარული ტურისტული მარშრუტების მიღმა რჩებოდა. კუნძულის დაახლოებით 3 000 მუდმივი მოსახლე იმედოვნებს, რომ ჰომეროსის „ოდისეას“ ნოლანისეული ეკრანიზაცია მდგომარეობას შეცვლის. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ფილმს, მით მეტს მოუნდება ჩამოსვლა და ჩვენი კუნძულის მონახულება, ამბობენ ადგილობრივები.

დიონისის სტანიცასი, ითაკის მერი: „ჩვენ დავუკავშირდით გადამღებ ჯგუფს და შევთავაზეთ, რომ ზოგიერთი სცენა აქ გადაეღოთ. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ფილმი კუნძულის რეკლამისთვის უზარმაზარი სტიმულია“. სპიროს კუვარასი, ფსიქოლოგი: „წელს აღარაფერი შეიცვლება, რადგან ყველამ ჯერ კიდევ ზამთარში დაჯავშნა ადგილები. თუმცა მომავალი ზაფხულიდან ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით და ეს, სავარაუდოდ, ე.წ „მკვდარ თვეებზეც“ – აპრილზე, ოქტომბერსა და ნოემბერზე – გავრცელდება“.

ითაკის სტუმრები ვერც ოდისევსის სასახლეებს ნახავენ და ვერც რაიმე შთამბეჭდავ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, რომლებიც ჰომეროსის მიერ აღწერილი ითაკის მეფის არსებობას დაადასტურებდა. ამის სანაცვლოდ, კუნძულის თითქმის ყველა კუთხეში ორივეს – ჰომეროსის და ოდისევსის – ბიუსტები და ქანდაკებებია, ხოლო ნავსადგურზე, სანაპიროზე მშვიდად ირწევიან „კალიფსო“ და „ტელემაქე“. „აქ ისტორია და მითოლოგია ნამდვილად არ მოგაკლდებათ“, – ირწმუნებიან ადგილობრივები.

ჯოანა გრივა, სუვენირების მაღაზიის მფლობელი: „ადამიანები ჩამოდიან, რადგან ოდისევსის შესახებ სმენიათ, ასევე იციან, რომ ჰომეროსმა „ოდისეა“ ამ ადგილების შესახებ დაწერა. ეს არის მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, ითაკა პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი და კოლორიტული კუნძულია!“.

„ოდისეის“ ცალკეული სცენები საბერძნეთშია გადაღებული, თუმცა ითაკაზე არც ერთი ეპიზოდი არ გადაუღიათ. „ამის გამო წყენა არ გვაქვს, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, ჰომეროსი რომ არა, კრისტოფერ ნოლანის „ოდისეაც“ არ იარსებებდა“, – ამბობენ კუნძულის მცხოვრებლები, რომლებიც ახლო მომავალში სტუმრების ჩამოსვლას მთელი მსოფლიოდან ელოდებიან.

სტატიის ავტორი: თეოდორა გატევა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტო: ფოტოებისა და მედია-კონტენტის ონლაინ პლატფორმა Pixabay

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 აგვისტო, 2026 წელი, 19:49 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი