ნოემბრის შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს გოგლიჩიძე ვერ დაეხმარება - „ჯვაროსნებში“ კალანდაძე გამოიძახეს #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შეხვედრებში ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას Gazzetta Georgia ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში „ემპოლის“ 19 წლის მცველს „დინამო თბილისის“ უკანახაზელი ალექსანდრე კალანდაძე ჩაანაცვლებს, რომელსაც „ჯვაროსნებში“ გამოსვლის გამოცდილება გააჩნია.
საბა გოგლიჩიძე იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლეჩესთან“ დაპირისპირებაში დაშავდა და, როგორც ჩანს, ნოემბერის სანაკრებო მატჩებში ვერც ეროვნულ და ვერც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.
დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან საშინაო შეხვედრაში „ჯვაროსნებს“ ვერც ლაშა დვალი დაეხმარება, ვილი სანიოლმა კი განაცხადა, რომ გოგლიჩიძეს აუცილებლად ათამაშებდა. ერთა ლიგის ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს, საგურამოში დაიწყებს.
ნოემბრის თვეში გასამართი მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა ცნობილია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთს ესტუმრება.