ნოემბრის სარაგბო ტესტ მატჩები დაიწყო [ვიდეო]
ნოემბრის სარაგბო ტესტ მატჩები დაიწყო [ვიდეო]

2018 წლის ნოემბრის სარაგბო ტესტ მატჩები პირველ ნოემბერს, იაპონიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებით გაიხსნა.

2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძლებმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ოსაკაში, ჰანაზონოს რაგბის სტადიონზე მიიღეს და მაყურებელს შესანიშნავი შოუ შესთავაზეს.

ერთად ორივე გუნდმა ზუსტად 100 ქულა მოაგროვა, თუმცა ახალ ზელანდიელები, რომლებსაც შემადგენლობაში რვა დებიუტანტი ჰყავდათ, იაპონელთათვის უძლეველნი ჩანდნენ. „მამაცმა საკურებმა“ ახალ ზელანდიას ხუთი ლელო დაუდეს და 31 ქულა მოაგროვეს, მაგრამ პასუხად 69 მიიღეს.

ახალ ზელანდიელთა მთავარი მწვრთნელი, სტივ ჰენსენი ტესტ მატჩით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ იაპონელები გაშლილ თამაშში შეუდარებელნი არიან.

ნოემბრის ტესტების მეორე თამაშში რუმინეთმა კენიას უმასპინძლა და მეტოქე 36-5 დაამარცხა. ანგარიშში სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ კენიელები მეტოქეს უბრძოლველად არ დანებებიან. პირველ ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში კენიელებმა, მასპინძლებს რიგ ეპიზოდებში აჯობეს კიდეც და მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს.

მეტად საინტერესო გამოდგა შოტლანდიისა და უელსის დაპირისპირება. „პრინსიპალითი სთედიუმზე“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს, მაგრამ უელსელთა ფულბეკი, ლი ჰალფპენი კვლავ შეუდარებლად თამაშობდა ფეხით და მასპინძლები შესვენებაზე ოთხ ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 14-10. დაპირისპირების მეორე ნახევარში ლელო მხოლოდ ჯონათან დევისმა დადო და საბოლოო ანგარიში –  21-10 დააფიქსირა.

ძალზედ დაძაბული გამოდგა ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება, რომელიც მასპინძლებმა ერთ ქულიანი სხვაობით – 12-11 მოიგეს. თამაშის ბოლო წამებზე სამხრეთ აფრიკელები უტევდნენ. სწორედ ამ დროს, ინგლისელების მგეზავმა, ოუენ ფარელმა, ბოჭვა თითქოს წესების დარღვევით შეასრულა. თუკი არბიტრი ამ ჯარიმას დააფიქსირებდა, სამხრეთ აფრიკელებს მისი კარში დარტყმის და შესაბამისად. თამაშს მოგების შესანიშნავი შანსი ეძლეოდათ, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ გადაწყვიტა, რომ წესების დარღვევა არ იყო და თამაში მასპინძლებმა მოიგეს.

ნოემბრის ტესტ მატჩების პირველი დღის ბოლო შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა, სადაც ირლანდია იტალიას დაუპირისპირდა. თამაშის პირველ 40 წუთში იტალიელებმა მრისხანე მეტოქეს სათანადო წინააღგმდეგობა გაუწიეს და ტაიმი მხოლოდ შვიდი ქულის სხვაობით დათმეს – 14-7. კარდინალურად განსხვავებული გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი, რომელშიც „მწვანეები“ სრულად დომინირებდნენ. ირლანდიელებმა მოწინააღმდეგეს ექვსი უპასუხო ლელო დაუდეს და საბოლოო ჯამში 54-7 იმარჯვეს. გამორჩეულად სანახაობრივი ირლანდიელთა ფულბეკის, ჯორდან ლარმურის ინდივიდუალური ლელო გამოვიდა.

პირველი სათამაშო კვირის ბოლო შეხვედრაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალ ზელანდიელ მაორებს უმასპინძლა. მასპინძლებს რიგ ეპიზოდებში ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ მაორების ნაკრები მაინც ზედმეტად ძლიერი გამოდგა. განსაკუთრებით კარგად შერკინების შემკვრელი, აკირა იოანე გამოიყურებოდა. საბოლოო ჯამში სტუმრებმა 59-22 მოიგეს.

არანაკლებ საინტერესო ტესტები გველის მომავალ შაბათ-კვირას, მითუმეტეს, რომ საქმეში „ბორჯღალოსნებიც“ ჩაერთვებიან. ირლანდიასთან დამარცხებული იტალია შინ დაბრუნდება და 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს „არტემიო ფრანკიზე“ დახვდება.