ნოელ გალაჰერმა „გარდიანში“ გიორგი ქინქლაძე გაიხსენა - ყოველ შაბათს ვუყურებდით ფეხბურთელს, რომელიც ინგლისში საუკეთესო იყო
ინგლისური როკ-ჯგუფის, „ოაზისის“ სოლისტმა ნოელ გალაჰერმა ინგლისურ გამოცემა „გარდიანში“ „მანჩესტერ სიტის“ წლევანდელ წარმატებას (გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა) სტატია მიუძღვნა და ამჯერადაც გვერდი ვერ აუარა გიორგი ქინქლაძეს, რომელსაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
ნოელ გალაჰერი მანჩესტერშია დაბადებული და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ცნობილი ფანია.
„დამირეკა მეგობარმა, რომელიც „სიტის“ სტადიონზე მუშაობდა და მითხრა, რომ გუნდთან კონტრაქტი ვინმე ქინქლაძემ გააფორმა. მიმტკიცებდა, „მე ის ვნახე და სხვა სპორტს თამაშობს“. ვუთხარი, რომ ასეთი რამ არაერთხელ მსმენოდა და არ დავუჯერე. მაგრამ ის მართალი აღმოჩნდა. „ქინქის“ (გიორგის ასე შეარქვეს) პირველი თამაშის შემდეგ სტადიონი დავტოვეთ იმ აზრით, რომ ახლა ჩვენ ან ჩემპიონთა თასს მოვიგებდით, ან ხუთი წლის შემდეგ მეოთხე დივიზიონში ვიქნებოდით. „სიტის“ ყველა ფანატი იმ ოცნებით ცხოვრობდა, ყოველ შაბათს გვენახა ფეხბურთელი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნებისმიერ მოთამაშეზე უკეთესი იყო. ყველამ აღიარა, რომ ის ინგლისში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. საბოლოოდ მას წასვლა მოუხდა, რადგან გუნდის დაქვეითებით გულნატკენი იყო. რატომ გაჰქონდა გოლები, სადაც რვა ფეხბურთელს ატყუებდა? იმის გამო, რომ „სიტიში“ არ იყო მოთამაშე, რომელსაც ბურთს მიაწვდიდა – ისინი არარაობები იყვნენ. ეს ახლაა, „სიტის“ ყველა ფეხბურთელი რომ ვარსკვლავია. მაშინ იყო მხოლოდ ქინქი“, – წერს გალაჰერი.