საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | შოთა არველაძე - ლეგენდების მატჩში „აიბროქსზე“ ქინქლაძეს ისეთი ტაშით შეხვდნენ, ძალიან მესიამოვნა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ გადამღები ჯგუფი შოტლანდიაში გამართულ ლეგენდების შეხვედრას დაესწრო, სადაც შოთა არველაძემ „რეინჯერსის“ ლეგენდებში ითამაშა, ხოლო გიორგი ქინქლაძემ – მსოფლიო ლეგენდებში.

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მოთამაშეებმა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვზიარეს.

შოთა არველაძე:  „ყველაზე მთავარი ამ თამაშებში ისაა, რომ მონაწილე რაღაცნაირად ცოცხლდება. არ ვიცი, რას შეიძლება, შევადარო ეს ემოცია,  ტაში და მინდორზე გამოსვლა, გასახდელში წრიალი და მზადება. ასეთი შეხვედრები კარიერის ბედნიერ წუთებს გიბრუნებს. „აიბროქსზე“ ტაში რომ დამიკრან, არ მიკვირს. გიოს ისეთი ტაში დაუკრეს, ძალიან მესიამოვნა. მის დრიბლინგზე გიჟდებიან“.

გიორგი ქინქლაძე: „ამდენი წელი გავიდა, ერთმანეთის წინააღმდეგ გვითამაშია და ყოველთვის მაინტერესებდა, ვის წინააღმდეგაც გამოვდიოდი, ის ხალხი როგორ შემხვდებოდა – მაკმანამანი, ჯეიმსი, ფაულერი. ხელს ჩამოგართმევს, ხელს აგიქნევს თუ ჩაგეხუტება (იცინის). თამაშისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადე, ფიზიკურად კი – ვერა. თამაშამდე ორი საათით ადრე სტადიონზე მოსული უამრავი ადამიანი რომ დავინახე, კარიერის პერიოდი გამახსენდა. სხვათა შორის, „აიბროქსზე“ არასოდეს მითამაშია და ამავე დროს პირველი მატჩი იყო, შოთა წინააღმდეგ გამოსვლა რომ მომიხდა“.

„საფეხბურთო ტაიმაუტმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა დევიდ ჯეიმსთან, რომელიც ინგლისის ნაკრების, „მანჩესტერ სიტის“ და „ლივერპულის“ ვეტერანი ფეხბურთელია:

„შესანიშნავი თამაში იყო, რადგან მოვიგეთ. ფეხბურთს ყოველთვის მოგებისთვის თამაშობ. გამიმართლა, რომ გასულ წელს „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილეზეც ვითამაშეთ და ვიცოდი, რომ გულშემატკივრები შესანიშნავ ატმოსფეროს შექმნიდნენ. ორივე გუნდში ჩემი ბევრი თანაგუნდელი იყო“.