ნოე, იაფეტი, ბასკები, იოსებ ფლავიუსი და ბაგრატიონები - „მარკა“ ორი იბერიის შესახებ ისტორიულ ნარკვევს აქვეყნებს #1TVSPORT
ნოე, იაფეტი, ბასკები, იოსებ ფლავიუსი და ბაგრატიონები - „მარკა“ ორი იბერიის შესახებ ისტორიულ ნარკვევს აქვეყნებს #1TVSPORT

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ ისტორიულ მატჩს გამართავს. ესპანური პრესა ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ფეხბურთის შესახებ არაერთ წერილს აქვეყნებს, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ევროპული სპორტული მედიის ფლაგმანის, „მარკას“ ვრცელი სტატია, რომელიც ორი იბერიის უძველეს და თანამედროვე კავშირებზე წერს.

MARCA – ევროპაში ორი იბერიაა

„ყოველთვის, როცა ესპანეთისა და საქართველოს სპორტული დაპირისპირება ახლოვდება, როგორც ახლა, ევროპის ჩემპიონატზე, სოციალურ ქსელებში ხშირად ვხდებით ფარაზას – „იბერიული დერბი“. ესპანეთის მსგავსად, ეს პორტუგალიასაც ეხება, რაც შეიძლება, არასერიოზულად მოგვეჩვენოს, რადგან პირინეის იბერია და კავკასიის იბერია ევროპის ორ, ერთმანეთისადმი უკიდურეს კუთხეში მდებარეობს. სიტყვა „დერბი“ კი, პირველ რიგში, გეოგრაფიულ სიახლოვეს გულისხმობს. და რატომ „იბერიული დერბი?“ იმიტომ, რომ ევროპაში ორი იბერიაა – ერთი ნახევარკუნძულია (ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა), მეორე კი კავკასიის რეგიონში, ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს – ეს საქართველოა.

ორი იბერიის ასეთი მსგავსება დღეს მეცნიერებისა და ცნობისმოყვარე პედანტების (როგორიც ამ სტატიის ავტორია) ინტერესის სფეროა. თუმცა ეს უძველესი და ისტორიულად დასაბუთებული კავშირია ორ იბერიას შორის. ამ რეგიონების მოსახლეობის ენებში არაერთი მსგავსებაა აღმოჩენილი, რომელიც ბასკურ ენასთან ნათესაობაზეც მიანიშნებს. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები ამ გეოგრაფიულ არეალებს მოიხსენიებდნენ, როგორც აღმოსავლეთ იბერიას (კავკასია) და დასავლეთ იბერიას (პირინეის ნახევარკუნძული). ენების ნათასეობის შესახებაც ანტიკური პერიოდიდან წერდნენ. იუდეველი და რომაელი მეცნიერი იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ ნოეს შვილიშვილი და იაფეტის შვილი თუბალი დასავლეთ იბერიელების წინაპარი იყო. ბასკური ლეგენდის თანახმად კი ამ ხალხის პატრიარქი არის აიტორი – თუბალის შთამომავალი. ქართული ტრადიციული ლეგენდა კი გვეუბნება, რომ თუბალი ამ ერის წინაპარია, რომელმაც გადაწყვიტა, დასავლეთის იბერიაში გადასახლებულიყო და ფესვები იქაც გაედგა.

 

საქართველო 1800 წლამდე დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ახერხებდა, შემდეგ კი „ცარისტული იმპერიის“ ნაწილი გახდა, ბაგრატიონთა სამეფო გვარის ჩათვლით. 1917 წლის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ ბაგრატიონები, რომლებიც ევროპაში გადასახლდნენ, კიდევ ერთი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები გახდნენ. ბაგრატიონები ჯერ იტალიაში ჩავიდნენ, 1942 წელს კი თავი საქართველოს ტახტის სამართალმემკვიდრეებად გამოაცხადეს. ეს დიდი გამბედაობა იყო, რადგან ამ პერიოდში საქართველო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის, იმავე სტალინის საბჭოთა იმპერიაში შედიოდა. სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი ტახტის დაბრუნება სრულიად შეუძლებელი გახლდათ.

1944 წელს ბაგრატიონების ოჯახი, რომელიც საკუთარ თავს ევროპის უძველეს დინასტიად მოიაზრებს, ესპანეთში გადასახლდა. ამ ოჯახის უმცროსი წევრი იყო ხორხე, რომელიც რომში დაიბადა, მისი დედა კი მშობიარობას ესხვერპლა. ხორხეს მამამ ცოლად ბურბონების შთამომავალი შეირთო და ამგვარად, ხორხე მომავალ მეფე ხუან კარლოს ბურბონთან ერთად გაიზარდა. ხორხე ბაგრატიონი ესპანეთის მოქალაქე იყო, მაგრამ მისი სპორტული მოღვაწეობა ორივე ქვეყანას აერთიანებს.

ხორხე ბაგრატიონის სპორტული დებიუტი მოტორბოლას უკავშირდება, როდესაც ის 15 წლის იყო. რბოლაში შემდეგ საკუთარი ქმნილებით მონაწილეობდა, რომელიც შასისა და ძრავის ინოვაციური შერწყმით გამოიგონა. ამას ავტომობილებით სამთო რბოლა მოჰყვა, შემდეგ იყო ქუჩის რბოლები (Fiat 850 Abarth, Renault Alpine, Mini Cooper, R8 Gordini), რომელშიც სახელი გაითქვა, ჩააბარა რა გამძლეობისა და სისწრაფის არაერთი ტესტი.

სპორტულ სამყაროში სრულყოფილი იბერიული დერბი არც ისე ხშირად იმართება. ძირითადად, ეს რაგბის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე ხდება, რაც იბერიელებს გარანტირებულად, წელიწადში ერთხელ შეხვედრის საშუალებას აძლევს. დღევანდელ საფეხბურთო მატჩში კი ორი იბერიის სიმბოლური თასი გათამაშდება“.