ნოდარ ყარალაშვილი - ვერ წარმომიდგენია, რა არის ალტერნატიული მთავრობა, ეს ნიშნავს, რომ სახლში ორი მამა იყოს, არ გამოდის ასე
ნოდარ ყარალაშვილი - ვერ წარმომიდგენია, რა არის ალტერნატიული მთავრობა, ეს ნიშნავს, რომ სახლში ორი მამა იყოს, არ გამოდის ასე

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩასული ემიგრანტების ნაწილმა ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ლიეჟიდან იუწყება.

უკრაინული ლეგიონის, „გალიჩინას“ მეთაური ნოდარ ყარალაშვილი ამბობს, რომ ლვოვიდან ლიეჟში საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ჩავიდა და დღევანდელ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმებზე მსჯელობას ემიგრანტებთან ერთად აპირებს.

ყარალაშვილის თქმით, არ სჯერა არჩევნების, მხარს უჭერს ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყებას, თუმცა სააკაშვილის იდეას, შეიქმნას ალტერნატიული მთავრობა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ალტერნატიული მთავრობის შესახებ არ ვარ საქმის კურსში და არც წარმომიდგენია, რა არის ალტერნატიული მთავრობა. როგორ წარმოგიდგენიათ პარალელური მთავრობა?! ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში ორი მამა იყოს. არ გამოდის ასე“, – ამბობს ნოდარ ყარალაშვილი.

შეგახსენებთ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან შეხვედრას და ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.