ნოდარ მუსერიძე - 2010 წელს ჩვენმა მეგობრებმა, სტუდენტებმა თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს, ლაშა ფარულავამ ახალი ბეჭედი დაარტყა და მთელი საარჩევნო ოქმები გადაწერა
ნოდარ მუსერიძე - 2010 წელს ჩვენმა მეგობრებმა, სტუდენტებმა თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს, ლაშა ფარულავამ ახალი ბეჭედი დაარტყა და მთელი საარჩევნო ოქმები გადაწერა

2010 წელს ჩვენმა მეგობრებმა, სტუდენტებმა თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს. ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ „ნაციონალების“ მომხრე იყო, ახალი ბეჭედი დაარტყა და მთელი საარჩევნო ოქმები გადაწერა. თავისი ხალხი ჩაწერეს და თვითმმართველობა მაშინ ასე დააკომპლექტეს, – ამის შესახებ 2006 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნოდარ მუსერიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ნოდარ მუსერიძის თქმით, ამის შემდეგ დაიჭირეს ის სტუდენტები, რომლებიც თავდაპირველ სიაში იყვნენ და შემდეგ ამოიღეს.

„2010 წელს ჩვენმა მეგობრებმა, სტუდენტებმა, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში, თვითმმართველობაში იყვნენ, თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს. ამ ხალხით უკმაყოფილოებმა აიღეს თვითმმართველობის ბეჭედი. ერთ-ერთ მომხრეს ჰქონდა, შემდეგ გაირკვა, რომ „ნაციონალების“ მომხრე იყო. ამ პიროვნებამ მთელი საარჩევნო ოქმები გადაწერა, დაარტყა ბეჭედი და ჩვენი თვითმმართველობის არჩევნების სია შეცვალა, ახალი ბეჭედი დაურტყა. ახალი ხალხი, ანუ თავისი ხალხი ჩაწერეს და თვითმმართველობა მაშინ ასე დააკომპლექტეს. ამაზე პროტესტი რომ გამოხატეს იმ ხალხმა, ვინც სიიდან იქნა ამოღებული, 10 თუ 12 კაცი, აღარ მახსოვს, დაიჭირეს. სპეცოპერაცია ჩაუტარეს და დაიჭირეს სტუდენტები. საბაბი არაფერი ჰქონდათ ისეთი. საბაბად მოუდეს, რომ იმ პიროვნებაზე, ვინც ეს შეცვალა, ზეწოლას ახორციელებდნენ. ორი დღე ჰყავდათ გაჩერებული, ბოლოს მიხვდნენ, რომ ხელის მოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ და გამოუშვეს პირდაპირი მესიჯით. ვინც დაკავებული ჰყავდათ, მათ უთხრეს ჩემზე, გადაეცითო, ასევე მეორეს, ლევან ჯაფარიძეს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მისული არ ვნახოთ, თორემ ამ საქმეს შემოვატრიალებთ, ყველას დაგიჭერთო. ამ ხალხს ხომ არ გავწირავდით და ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა, ერთხელ ვიყავი მისული ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისიც ატესტატი მჭირდებოდა. ერთხელ მივედი და ნახევარ საათში დამირეკეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში რატომ დადიხარო. უცნობმა პირმა დამირეკა“, – განაცხადა ნოდარ მუსერიძემ.

ნოდარ მუსერიძეს კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა ჰკითხა: „ვინ იყო ის პიროვნება, ვინც გააყალბა ოქმები?“ რაზეც მუსერიძემ უპასუხა:

„ლაშა ფარულავა. ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც დავასახელებ, შემიძლია, წინ დავუჯდე, თვალებში ჩავხედო და იმაზე მეტს ვეტყვი, ვიდრე ახლა აქ ვამბობ“.