ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პოლიტიკური გადაცემების ყოფილი მთავარი პროდიუსერის და საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა პროკურატურაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ გამოძიებას აინტერესებდა, იღებდა თუ არა ის პრემიებს. მელაძე ფიქრობს, რომ საგამოძიებო პროცესის მთავარი მიზანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის და ამჟამად ტელეკომპანია მთავარია ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაკავებაა.
„გაუთქმელობაზე მეც მომაწერინეს ხელი. დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვიანიდან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური დარჩენილიყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. ბევრი რამ არ მითქვამს, რადგან სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე – იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახდენდა არხისთვის.
დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება – ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭრენ, „მთავარი არხის“ მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ „მთავარის“ მაუწყებლობას. „მთავარი“ კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი. შოკისმომგვრელი ხომ იყო სრულიად საქართველოსთვის სამ კვირაში ის რეიტინგები, რაც „მთავარმა“ დადო. კიდევ უფრო წინ გავალთ. დღევანდელი საინფორმაციო სივრცის დღის წესრიგს ხომ ქმნის „მთავარი“ და ჩვენი მომზადებული რეპორტაჟები ხდება დღის მთავარი თემები, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მელაძე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას დაჭერით „მთავარი“ არ გაითიშება და იქნება ეთერში.
„იმედი მაქვს, ამ ხელისუფლებაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომელთაც ოდნავ საღი აზრი შემორჩათ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება. როცა ერთ კარს კეტავ, იმ მოტივაციით, რომ ეთერში ხელისუფების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაჟღერდეს, გაიხსნება სხვა კარი.
ამ ჟურნალისტებმა, ვინც „მთავარში“ მუშაობენ, აჩვენეს, რომ მათ არ სურთ იმუშაონ პროსახელისუფლებო ტელევიზიაში და „რუსთავი 2“-დან ეს ჟურნალისტები და გუნდი არავის გამოუყრია. ისინი თავად წამოვიდნენ პროტესტის ნიშნად და წავიდნენ, „მთავარზე“, „ფორმულაზე“ ან სახლში, იმის გამო, რომ არ სურდათ ყოფილიყვნენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს წარმომადგენლები. ნიკა გვარამიას დაჭერით, ეს რეალობა ვერ შეიცვლება, რადგან ამ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული ღირსება აქვთ გათვითცნობიერებული და ცხოვრობენ ინ პრინციპით, რომ უკან რომ გამოიხედებიან, მათი განვლილი გზა პროფესიული ერთგულება უნდა იყოს და არა პარტიული ერთგულება. ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო“,- აცხადებს ნოდარ მელაძე.
მელაძე საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია „მთავარის“ იურისტთან ერთად იმყოფებოდა. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ანაზღაურებაზე და პრემიებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის დასმული კითხვებით გამოძიება ცდილობს იმის დამტკიცებას, თითქოსდა არხს მაშინ ზიანი მიადგა, რაც, ადვოკატის განცხადებით, აბსურდულია.
„დღესდღეობით, ეს პროკურატურა არც ერთ საქმეზე არ მუშაობს, გარდა ამ საქმისა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი მიზანია გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთა, რათა მოხდეს „მთავარი არხის“ განეიტრალება. შეგვიძლია, პარალელები გავავლოთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაუპატიურების მცდელობა იყო. ხუთი დღეა გასული, ეს ინფორმაცია ცნობილია და არანაირი რეაგირება არ არის. ან სახელმწიფო უწყებებიდან, რომელიღაც სახელმწიფო კომპანიებში ძალიან დიდი ზარალი და პრემიებია აღებული – არანაირი რეაგირება არ არის და კერძო კომპანიაში ამ რაღაცით რომ ინტერესდება პროკურატურა, რომელთანაც წესით არანაირი შემხებლობა არ უნდა ქონდეს, ეს აჩენს ერთადერთი ეჭვის საფუძველს, რომ რეალურად, პროკურატურა პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ განეიტრალება. რაც შეეხება კითხვებს, გარკვეულწილად იყო სასაცილო იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობის პერიოდში იღებდა ანაზღაურებას, მიუღია თუ არა ბონუსი, ამ საკითხებზე ჰქონდა კითხვები. ამ ეტაპზე ვიცით, რომ გიორგი გაბუნიაა გამოძახებული გამოკითხვაზე სხვა პირები ჯერჯერობით, არ ვიცით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
კითხვაზე, თუ პროკურატურის მიზანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაა, ამ დრომდე ამ საქმეზე მისთვის ბრალდებების წარდგენისას რატომ არ მოითხოვა მისი დაკავება, ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, პროკურატურას ახალი დავალება აქვს.
„არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურისთვის გაცემული დავალებები დროდადრო იცვლებოდეს და თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ გირაოს თუ შეუფარდებდნენ, ამით „მთავარი არხი“ ეთერში არ გავიდოდა, ნახეს, რომ ამან არ იმუშავა. ახლა შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ დააპატიმრებენ და მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით „მთავარი არხი“ შეფერხდება და არ იმაუწყებლებს ისე, როგორც მაუწყებლობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს რომც გააკეთონ, „მთავარი არხი“ მაინც გააგრძელებს იგივე რეჟიმში მაუწყებლობას და ექნება იგივე სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.