ნოდარ ხიზანიშვილი - „კარლ ცაისის“ მოთამაშეებს ჩვენებს ვადარებდი და წაგებას გავმორიცხავდი #1TVSPORT
ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის 13 მაისი და მანამდე განვლილი გზა გაიხსენეს.
თენგიზ სულაქველიძე: „ეს ერთსულოვანი გუნდი იყო. ყველა შხვედრაში ვიღაც გაიბრწყინებდა. შედეგი ამიტომაც დაიდო. 13 მაისამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. ჩემი საუკეთესო შეხვედრა, რომელიც „დინამოში“ ვითამაშე, ნახევარფინალში ნიდერლანდების „ფეიენოორდთან“ პირველი მატჩი იყო. ალბათ, ეს ჩემი დღე იყო. ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადებოდით. მაგრამ დილით რომ გავიღვიძე, ისეთი ენერგია მქონდა, ვთქვი, რომ დღეს კარგად უნდა ვითამაშო-მეთქი. ნახევარფინალი ისეთია, ორი-სამბურთიანი უპირატესობით რომ არ მოგვეგო, ვიცოდით, განმეორებითი შეხვედრა ძალიან რთული იქნებოდა. ყველანაირად ვცდილობდით, რომ აქ გოლი არ გაგვეშვა“.
ნოდარ ხიზანიშვილი: „გამარჯვების ძირითადი ფაქტორი იყო ის, რომ უაღრესად ნიჭიერი მწვრთნელის ხელში მოვხვდით – ახალკაცი ძალიან მომთხოვნი, მაგრამ ქვეყნის და სამსახურის ერთგული იყო. ფინალშიც წაგებაზე ფიქრი საერთოდ არ იყო. საკუთარ გუნდში დარწმუნებული ვიყავით, რადგან გვერდში მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავდა – „კარლ ცაისის“ მოთამაშეებს ჩვენებს ვადარებდი და გამორიცხული იყო წაგება. მართალია, პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ ამან ვერ გაგვტეხა. კონცენტრაცია შევძელით და ამიტომაც გავიმარჯვეთ“.
ოთარ გაბელია: „მანამდე საბჭოთა კავშირის დონეზე წარმატებებს მივაღწიეთ და გუნდი იყო მზად, რომელიმე ევროპის თასზე წარმატებით ეთამაშა. ფინალში უკან დასახევი გზა არ გვქონდა. „კარლ ცაისმა“ რამხელა გუნდები გააგდო და ხომ შეიძლებოდა, ეჯობნა? თამაშის დროს წამიერად არ უნდა მოდუნდე, კონცენტრაციის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით და თავქუდმოგლეჯილები წინ არ გავქცეულვართ. ანგარიში გერმანელებმა გახსნეს და არ მეგონა, რომ ძირითად დროში მოვიგებდით, მაგრამ წარმატების მაგრად მჯეროდა“.