„ნიუკასლ ჯეთსის“ მწვრთნელი - ტრავმის გამო არ უთამაშია მიქელთაძეს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღია #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე ავსტრალიის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში „ნიუკასლ ჯეთსს“ ვერ დაეხმარა „ველინგტონ პენიქსთან“ მოგებულ (3:1) შეხვედრაში, რომელიც ბექა დარცმელიამ შესანიშნავად ჩაატარა და ავსტრალიურ კარიერაში სადებიუტო გოლთან ერთად საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
როგორც ცნობილი გახდა, მიქელთაძემ ტურის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ამის შესახებ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „ნიუკასლ ჯეთსის“ მწვრთნელმა არტურ პაპასმა ისაუბრა.
„დღეს „ჯეთსის“ სასტარტო შემადგენლობაში „ფენიქსის“ წინააღმდეგ ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელები მაკგარი, რენო პისკოპო და იაშუა სოტირიო ვათამაშე, რადგან ტრავმის გამო მთავარი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე დაგვაკლდა. ქართველი თავდამსხმელი „ჯეთსის“ ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მან „პერტ გლორისთან“ შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან გამარჯვების გოლი დამატებულ წუთზე გაიტანა. მას 90 წუთში მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა და მაინც გაიტანა. თუ მისი რეალიზაციის კოეფიციენტი ასეთი მაღალი იქნება, მაშინ არ მაინტერესებს, ბურთს თამაშის დროს ფეხს რამდენჯერ შეახებს.
„პერტ გლორისთან“ მატჩის შემდეგ ყველა ლაპარაკობდა ჯორდან ელსის გოლსა და ბევრ მოძრაობაზე, მაგრამ ცოტამ თუ დაინახა, როგორ იშრომა ბექამ გოლის დროს საჭირო ადგილზე მოსახვედრად. ეს 90-მეტრიანი სპრინტის შედეგად გააკეთა. სწორედ ამას ნიშნავს მისთვის გუნდი. მიქელთაძე გასულ სეზონში „ნიუკასლის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ უფრო ძლიერ სეზონს ახლა ჩაატარებს. ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. მართალია, პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდსა და ლიგაზე უკვე დიდი გავლენა მოახდინა“, – განაცხადა „ნიუკასლ ჯეთსის“ მწვრთნელმა.