„ნიუკასლ იუნაიტედი“ კიმ მინ ჯეს შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს #1TVSPORT
„ნიუკასლ იუნაიტედი“ ცდილობს, მიუნხენის „ბაიერნიდან“ სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველი კიმ მინ ჯე გადაიბიროს, – ინფორმაცია ამის შესახებ ინგლისურმა და გერმანულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
გავრცელებული ცნობებით, გერმანული გრანდი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ, მინიმუმ, 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს. „ნიუკასლი“ მზადაა, მოლაპარაკებები გააღრმავოს და ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს დაასრულოს.
კიმ მინ ჯემ ევროპული კარიერა „ფენერბაჰჩეში“ დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება „ნაპოლიში“ ჰქონდა, სადაც სერია A-ს ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ, 2023 წელს „ბაიერნმა“ მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა და სამხრეთკორეელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მიუხედავად წარმატებული დასაწყისისა, გასული სეზონის მეორე ნახევარში სამხრეთკორეელი მცველის პოზიციები „ბაიერნში“ შეირყა. ტომას ტუხელმა ძირითადი შემადგენლობაში უპირატესობა ერიკ დაიერსა და მატაის დე ლიხტს მიანიჭა, რის შემდეგაც კიმი ძირითადად სათადარიგოთა რიგებში დარჩა. მიმდინარე სეზონშიც, ვინსენ კომპანის მწვრთნელობის პირობებში, ის როტაციის ფეხბურთელად იქცა.
„ნიუკასლი“ პრემიერლიგაში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ედი ჰაუ ცენტრალური დაცვის გაძლიერებას გეგმავს. გუნდში სვენ ბოტმანი ტრავმირებულია, ხოლო დენ ბერნი და ფაბიან შარი ასაკში შედიან, რამაც დაცვის ხაზის სიღრმის გაზრდა აუცილებელი გახადა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კიმის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბებიც იჩენენ, თუმცა ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა ურჩევნია.