ნიუ იორკში აშშ-ის 16 შტატიდან ჩასულ ვიზიტორებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ
ნიუ იორკის ხელისუფების გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში აშშ-ის 16 შტატიდან ჩასულ ვიზიტორებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დაასახელა დამატებით რვა შტატი, საიდანაც ჩასულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს შტატებია კალიფორნია, ჯორჯია, აიოვა, აიდაჰო, ლუიზიანა, მისისიპი, ნევადა და ტენესი.
სავალდებულო კარანტინის წესი ნიუ იორკში აქამდე შემდეგი რვა შტატიდან ჩასული პირებისთვის მოქმედებდა – ალაბამა, არკანზასი, არიზონა, ფლორიდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა, ტეხასი და იუტა.
ბოლო დღე-ღამეში ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ინფიცირებული.