ნიუ იორკის შტატში წითელას შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში წითელას შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, წელს ნიუ იორკის შტატში ინფექციური დაავადების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ადგილობრივმა ჯანდაცვის დეპარტამენტებმა პრევენციის მიზნით წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინის 1 000-ზე მეტი დოზა გამოიყენა.
ნიუ იორკის გუბერნატორმა, კეტი ჰოჩულმა წითელასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინის ტესტირებისა და გამოყენების ნებართვის მქონე ჯანდაცვის სპეციალისტების რაოდენობა გაიზრდება და მოიცავს პარამედიკოსებსა და ფარმაცევტებს, ხოლო ექთნებს ტესტირების დანიშვნის უფლება ექნებათ.
„ეს საგანგებო ზომები დაიცავს ნიუიორკელებს და მხარს დაუჭერს ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ამ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა ჰოჩულმა.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში, სულ მცირე, 4 ნოემბრამდე დარჩება. ამასთან, პენსილვანიაში, რომელიც ნიუ იორკის შტატს ესაზღვრება, წელს წითელას ინფექციური დაავადებით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და მისი 1 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.