ნიუ იორკის შტატის ოთხი რაიონის გამდინარე წყლებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოჩნდა, რის გამოც მასზე ვაქცინაცია გაძლიერდება
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოუკულმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოსახლეობის პოლიომიელიტის ვაქცინაციის დასაჩქარებლად მას შემდეგ, რაც ვირუსი შტატის ოთხ რაიონში აღებული გამდინარე წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსი შტატის სამ რიონში აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა.
ივლისში როკლენდის რაიონში პოლიომიელიტი ერთ-ერთ ზრდასრულ მოქალაქეს გამოუვლინდა, რაც, ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ში თითქმის ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო.
ქვეყნის ხელისუფლება არავაქცინირებულ ზრდასრულებსა და ორი თვის ასაკიდან ბავშვებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, უკვე ვაქცინირებულ პირებს კი, ბუსტერდოზის მიღებას ურჩევს.
საგანგებო მდგომარეობა 9 ოქტომბრამდე იქნება ძალაში. ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიზანია მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია.
პოლიომიელიტს ზოგიერთ შემთხვევაში შეუქცევადი დამბლის გამოწვევა შეუძლია, თუმცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელია 1995 წელს გამოშვებული ვაქცინის საშუალებით. ვაქცინის სამი ინიექცია თითქმის 100-პროცენტიან იმუნიტეტს უზრუნველყოფს. ვირუსი რისკს უქმნის ყველა ასაკის ადამიანს, თუმცა უპირველეს ყოვლისა, საშიშია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.