ნიუ იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
ნიუ იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ქვინს რაიონის ვიცე-პრეზიდენტმა ებონი იანგმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის საკრებულოს საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოელ მისიათა ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის დირექტორი კეტლინ იგენი, ნიუ-იორკში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები და გენერალური კონსულები, ადგილობრივი ხელისულფების ორგანოების, მათ შორის, ქ. ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენლები, სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები და ქართული კულტურული ცენტრების ხელმძღვანელები.