ნიუ იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპი და მისი ორი შვილი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარა
ნიუ იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპი და მისი ორი შვილი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარა

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ორი შვილი, ივანკა და დონალდ ტრამპი უმცროსი სასამართლოში დაიბარა. ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა დონალდ ტრამპისა და მისი შვილების ჩვენებებს ითხოვს ოჯახის ბიზნესპრაქტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე სამოქალაქო გამოძიების ფარგლებში.

გამოძიება ეხება დონალდ ტრამპისა და მისი კომპანიის, Trump Organization-ის მიერ კონტროლირებადი და საკუთრებაში არსებული ქონების შეფასებას. ნიუ იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის ოფისი ტრამპის ოჯახისგან, ჩვენებებთან ერთად, დოკუმენტების წარდგენასაც ითხოვს.

როგორც „ესოშიეიტიდ პრესი“ წერს, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ლეტიცია ჯეიმსს ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. სარჩელში ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ პროკურორი არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს, როდესაც გამოძიებით ცდილობს, საჯაროდ მიაყენოს ჩრდილი დონალდ ტრამპსა და მასთან დაკავშირებულ პირებს. მანამდე კი ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიმსის გამოძიებას, მანჰეტენის პროკურატურის სისხლის სამართლის გამოძიებასთან ერთად, „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.