ნიუ იორკის მერი პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრაციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება - ქუდს ვიხდი პოლიციის დეპარტამენტის წინაშე, თუ როგორ მოექცნენ ხალხის დაუმორჩილებელ ჯგუფს [ვიდეო]
ეს იყო იზოლირებული ინციდენტი, – ასე გამოეხმაურა ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსი ბრუკლინში, პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრაციასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პოლიციელები მომიტინგეებს ურტყამდნენ.
„შეხედეთ მთელ ამ ინციდენტს. მომიტინგეებმა, რომლებმაც შაბათს ბრუკლინში გადაკეტეს მოძრაობა, შეაფურთხეს ოფიცრებს და მოძრავი ავტობუსის სახურავზე ავიდნენ. პოლიციის დეპარტამენტის წინაშე ქუდს ვიხდი, თუ როგორ მოექცნენ ხალხის დაუმორჩილებელ ჯგუფს“, – განაცხადა ადამსმა.
როგორც მედია წერს, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყავენ პოლიციის თანამშრომლები, სულ მცირე, სამ მამაკაცს, რომლებიც დაკავებული ჰყავდათ.
მოგვიანებით ნიუ იორკის პოლიციამ გამოაქვეყნა საკუთარი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დემონსტრანტების არასათანადო ქცევა, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ბოთლებს ესვრიან პოლიციელებს, ასხამენ მათ სითხეებს. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ერთი მომიტინგე, რომელიც მოძრავი სატრანზიტო ავტობუსის სახურავზე პალესტინის დროშით იჯდა. პოლიციის ცნობით, დემონსტრაციაზე სულ მცირე 41 ადამიანი დააკავეს.