„ნიუ იორკ თაიმსმა“ კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა - ასეთებს თანამედროვე ფეხბურთის შაბლონური ინდუსტრია აღარ ზრდის [ვიდეო] #1TVSPORT
„ნიუ იორკ თაიმსმა“ კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა - ასეთებს თანამედროვე ფეხბურთის შაბლონური ინდუსტრია აღარ ზრდის [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ბოლო თვეებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ფეხბურთელისადმი გულგრილი არც „ნიუ იორკ ტაიმსი“ დარჩენილა. გთავაზობთ მასში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს.

„ხვიჩა კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიურ ფეხბურთში ქარიშხალი გამოიწვია და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია. რაც მთავარია, მან ფეხბურთი ისევ გაახალისა. საკურორტო ქალაქ ბათუმს 20-ათასიანი არენა შეიძლება არც სჭირდებოდა, მაგრამ აპრილის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა და საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებმა მოულოდნელად ისეთივე ინტერესი შეიძინა, როგორიც ჩემპიონთა ლიგის თამაშებმა.

იმ სამი თვის განმავლობაში, რაც კვარაცხელიამ ბათუმში გაატარა, ყველა ადგილი ივსებოდა – შავი ზღვის სანაპიროებზე ჩასულმა ტურისტებმა მარშრუტებს სტადიონიც დაამატეს. ყველას ბილეთების ყიდვა სურდა. ხვიჩას თითქმის ყველა ქალაქშიც სავსე სტადიონები ხვდებოდა. ექვს თვეზე ნაკლებ დროში 21 წლის გარემარბის სახელი საქართველოს საზღვრებს გასცდა. იგი რამდენიმე კვირაში იტალიური ფეხბურთისა და ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავი გახდა.

კაცმა, რომელმაც ბათუმის არენა შეავსო, მალე ხუთი გოლი გაიტანა იტალიის ჩემპიონატში, ორიც ​​ჩემპიონთა ლიგაზე და მისი დახმარებით „ნაპოლი“ გავიდა იმ საშინელი ჯგუფიდან, რომელშიც „ლივერპული“ და „აიაქსი“ თამაშობდნენ. „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელიას „სტრატოსფერული“ უწოდა. იტალიისა და „მილანის“ ყოფილი მწვრთნელი არიგო საკი სიტყვა „დესტრუქციულს“ ამჯობინებს.

მსოფლიო ჩემპიონმა ალესანდრო დელ პიერომ კი თქვა, რომ „ევროპაში სათამაშოდ იყო შექმნილი“. „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მას კლუბის ისტორიაში ყველაზე საყვარელი პლეიმეიკერის მიბაძვით „კვარადონა“ შეარქვეს.

„იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი, ფაბრიციო რავანელი მოხიბლულია კვარაცხელიას და მილანელი რაფაელ ლეაოს თამაშით და აცხადებს, რომ მსოფლიოში ასეთი ფეხბურთელები ნაკლები დარჩა. კვარაცხელია ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომლებსაც თანამედროვე ფეხბურთის ინდუსტრიული და შაბლონური ახალგაზრდული სისტემები აღარ ზრდიან – ცვალებადი, ინდივიდუალური, რაღაცნაირად „ველური“.

კიდევ არიან საინტერესო მოთამაშეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, ხვიჩას სიძლიერე მის არაპროგნოზირებადობაშია:

„ბევრი გარემარბია, რომლიც ტექნიკურად ნიჭიერი და ძალიან სწრაფია, მაგრამ ხვიჩა სხვაგვარია, ბევრი არ არის მისი სტილის მოთამაშე არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რომელიც ყველაფერს ასეთი სისწრაფით აკეთებს. სწორედ ეს ხდის ქართველს ასე გამორჩეულს. საქართველოს ვირტუოზი შემტევი ფეხბურთელების მდიდარი ისტორია აქვს, მაგალითდ – „მანჩესტერ სიტისა“ და „აიაქსის“ ყოფილი შემტევი გიორგი ქინქლაძე, მაგრამ კვარაცხელია, მხოლოდ საკუთარი ნიჭის და შრომის პროდუქტია. თუმცა, ქართული ფეხბურთი აღმავლობას განიცდის და ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე – მათ ერთად წვლილი შეაქვთ ამ წინსვლაში. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი, ამჟამად, ესპანურ „ვალენსიაში“ ბრწყინავს. ასევე შემიძლია დავასახელო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ახლა „ბორდოში“ თამაშობს. ახლა „ნაპოლის“ თამაშები აჩერებს ქვეყანას. ყველა ტელევიზორის ირგვლივ იკრიბება. მსგავსი რამ მე არ მახსენდება. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ბავშვები ოცნებობდნენ, რომ ყოფილიყვნენ ახალი ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, ახლა მათი ოცნებაა, გახდნენ ახალი კვარა და მამარდაშვილი. მათ საქართველოში საფეხბურთო კულტურა შეცვალეს“, – განაცხადა კობიაშვილმა.

როდესაც კობიაშვილმა 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ქვეყანა ფიფა-ს რეიტინგში დაახლოებით 150-ე ადგილზე იყო. ნაკრები ახლა 78-ე ადგილზეა. შთამბეჭდავი იყო საქართველოს ეროვნული გუნდის გამოსვლები ერთა ლიგაზე, სადაც ორჯერ დაწინაურდა – ჯერ ტურნირის ყველაზე დაბალი დონიდან მესამე დივიზიონში, წელს ზაფხულში კი მეორე დივიზიონში გადაინაცვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურნირის მომდევნო გამოშვებაში ინგლისის დონეზე ითამაშებს.

 

სანიოლის რეკომენდაცია

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი მას ახალგაზრდა ფრანკ რიბერის ადარებს (მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ ფეხბურთელს).

როდესაც მარტში ფიფა-მ რუსულ ფეხბურთში ყველა უცხოელ მოთამაშეს მიანიჭა კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა, დაიწყო თავისი კონტაქტების გამოყენება, რათა კვარაცხელიას დასავლეთ ევროპაში გადასვლისთვის ხელი შეეწყო. მისი თქმით, მას ძირითადად სკეპტიციზმი შეხვდა.

„ყველა ამბობდა, რომ ის იყო ფეხბურთელი, რომელიც 70-ე წუთის შემდეგ იღლებოდა, ქართველია და არა ბრაზილიელი, ნაკლებად საინტერესოაო“, – განუცხადა სანიოლმა ფრანგულ რადიო RMC Sport-ს.

ოლეგ იაროვინსკი, ყაზანის „რუბინის“ გენერალური მენეჯერი მაინც ამტკიცებს, რომ ევროპელებს „ხვიჩა მოსწონდათ, მაგრამ არ სჭირდებოდათ, „რუბინს“ კი არც ერთი შეთავაზება არ მიუღია“.

 

ქართველი ბიჭები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვარაცხელიას მემკვიდრეებს იგივე პრობლემა შეექმნათ. „დინამო თბილისის“ აკადემიაში აღზრდილი 17 წლის გარემარბი ლუკა პარკაძე მომავალ წელს შეუერთდება მიუნხენის „ბაიერნს“.

„საქართველოში ბევრი სკაუტი არ გვყავს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ევროპელებს ფეხბურთელების გაცნობაში დავეხმაროთ. პარკაძე ძალიან უშიშარი შემტევია, ვინც ინდივიდუალური თამაში იცის და დიდ მატჩებშიც კარგად ჩნდება. კვარაცხელიას კი აქვს წმინდა ქართული ასპექტები. ის არ ნერვიულობს, თუ რამე არ გამოსდის, არ ფიქრობს უარყოფით შედეგებზე. ეს ეხება ბევრ ქართველ თავდამსხმელს. ისინი თამამები და ცოტა ანარქიულებიც არიან“, – აცხადებს „დინამო თბილისის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრე კარასკო.