იტალიური გამოცემა საქართველოს ნაკრებით დაინტერესდა - კვარაცხელიას გარდა იქ ბევრი ტალანტია #1TVSPORT
იტალიური გამოცემა საქართველოს ნაკრებით დაინტერესდა - კვარაცხელიას გარდა იქ ბევრი ტალანტია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გამო გამოცემა TUTTO mercato ქართული ფეხბურთით დაინტერესდა და წერს, რომ საქართველოს ნაკრებში სხვა საინტერესო მოთამაშეებიც არის.

 

საქართველო არ არის მხოლოდ კვარაცხელია – ახალგაზრდობა მზადაა აფეთქდეს

ზედიზედ თერთმეტი წაუგებელი თამაში, მათ შორის 9 მოგება და 2 ფრე. ვილი სანიოლის დროს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო სერია აჩვენა – საიდუმლო არ არის, რომ გამორჩეული ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ფრანგი მწვრთნელის გზა 2021 წლის თებერვალში დაიწყო: რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ გარემოს შეგუებოდა, მაგრამ უკვე პირველ მატჩებში გუნდმა სახე მიიღო. საწყის ორ მატჩში ორი მარცხი – 0:1 შვედეთთან და 1:2 – ესპანეთთან. 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედები 2:0 დაამარცხა და წაუგებელი სერია მას მერე გრძელდება.

 

ერთა ლიგის მთავარი გმირი

საქართველომ მიაღწია წარმატებას იმ ნაკრებთან, რომელთან იტალიამაც ვერ მოიგო – ჩრდილოეთ მაკედონიასთან. თანაც, საქართველოს ნაკრებმა ორჯერ დაამარცხა, გაიტანა 5 გოლი და არც ერთი არ გაუშვა. C ლიგაში ხუთი მოგება და ერთი ფრე. კვარაცხელია ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშების ბომბარდირებშია – 5 გოლი, 3 პასი.

 

სწრაფად მზარდი ნაკრები

საქართველო სწრაფად მზარდი საფეხბურთო ნაკრებია. მას ჰყავს პერსპექტიული მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც თამაშობს „ვალენსიაში“ გატუზოსთან. ჰყავს გამოცდილი ცენტრალური მცველი „კოპენჰაგენიდან“ – დავით ხოჭოლავა, ახალგაზრდა თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, ვინც ლიგა 2-ში „მეცში“ 4 გოლი გაიტანა.

ბათუმის „დინამოში“ კვარაცხელიასთან ერთად თამაშობდნენ მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი (რომელიც „ცრვენა ზვეზდამ“ წაიყვანა) და „ბორდოს“ ახალწვეული, მარჯვენა ფლანგის მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი. საწყისი გაელვების შემდეგ კარიერაში გადატვირთვას ცდილობს 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძეც.

შედარებით უმცროსებში გამოირჩევიან: მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშეები ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვი 21-წლამდელებში თამაშობენ, ხოლო 19-წლამდელთა შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს „დინამო თბილისის“ ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი. შეიძლება სხვა საინტერესო ბავშვების ნახვაც – საუკეთესო 2005 წელს დაბადებული ლუკა პარკაძეა, რომელმაც კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებში ბევრი ტალანტია, რომელიც შეიძლება რეალურ საბაზრო ფასეულობას წარმოადგენდნენ“, – წერს „ტუტო მერკატო“.