„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსი ჰაკერები უკრაინულ კომპანიაში ჯო ბაიდენის შვილზე კომპრომატს ეძებდნენ
რუსმა ჰაკერებმა უკრაინული კომპანიაზე მიიტანეს იერიში, სადაც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილი მუშაობდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. ჟურნალისტების ინფორმაციით, ჰაკერებმა კომპანია „ბურისმაზე“ იერიში 2019 წლის ნოემბერში მიიტანეს.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ჰაკერები სავარაუდოდ ჯო ბაიდენის შვილზე კომპრომატს ეძებდნენ. გამოცემის ცნობით, კიბერდამნაშავეები დაკავშირებულები არიან რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსთან.
შეგახსენებთ, რომ ჰანთერ ბაიდენი კომპანია „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოში მუშაობდა. როგორც ცნობილია, 2019 წლის ივლისში, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან სატალეფონო საუბრის დროს, უკრაინულ კომპანიაში ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმიანობის გამოძიება სთხოვა. აღნიშნულის გამო, „დემოკრატებმა“ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყეს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსული ჰაკერების დაჯგუფება „ივილ კორპს“ (Evil Corp), რომლის წევრებსაც 40 ქვეყნიდან 100 მილიონი დოლარის მოპარვაში დასდეს ბრალი. სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჰაკერების დაჯგუფება და მათი ლიდერი მაქსიმ იაკუბეცი რუსეთის მთავრობასთანაა დაკავშირებული.
„ეს მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა კიბერდამნაშავეების გადაბირებითაა დაკავებული და ჰაკერებს მოსკოვი საკუთარი ექსკლუზიური ამოცანების შესასრულებლად იყენებს“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.