„ნიუ იორკ თაიმსი“ – ისრაელმა აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ირანი მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს
ისრაელმა აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ირანი მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ქიმიური იარაღის საფრთხე ირანის ბირთვულ საფრთხეზე უფრო აქტუალურია.
მათი განცხადებით, ირანი ავითარებს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც ქიმიური იარაღის რაკეტებით გამოყენების ან ქვეყნებში ფარულად შეტანის შესაძლებლობას მისცემს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ ინფორმაციის გავრცელებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ზეწოლას ცდილობს, რათა მან ირანის წინააღმდეგ აქტიური სამხედრო მოქმედებები განაახლოს. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა კი სადაზვერვო ინფორმაციას „არასერიოზული“ უწოდეს.
მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ისრაელის გაფრთხილებას სერიოზულად აღიქვამს, განსაკუთრებით ირანის მხრიდან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიმართ გამოთქმული მუქარის გათვალისწინებით.
ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ირანზე თავდასხმის გეგმა მზად აქვს და სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს. გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო დარტყმა აშშ-ში დღეს დაგეგმილი შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ განხორციელდება.