„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელის სახმელეთო ჯარი 1973 წლის შემდეგ პირველად შევიდა სირიის ტერიტორიაზე
ისრაელის სახმელეთო ჯარი 1973 წლის შემდეგ პირველად შევიდა სირიის ტერიტორიაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ორ ქვეყანას შორის მდებარე დემილიტარიზებული ზონა გადაკვეთეს და დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები გოლანის მაღლობებზე.
მანამდე ისრაელის პრემიერი-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უბრძანა სამხედრო ნაწილებს, დაიკავონ ბუფერული ზონა ისრაელსა და სირიას შორის.
„ჩვენ გავეცით ბრძანება, რომ არმიამ დაიკავოს ეს პოზიციები, რათა გარანტირებული იყოს, რომ ვერცერთი მტრული ძალა ვერ შეძლებს უშუალოდ ისრაელის საზღვრის სიახლოვეს გამაგრებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ავიაციამ დარტყმები მიიტანა სირიაში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ოფიციალური პირების თქმით, ეს ობიექტები, შესაძლოა, გადასულიყო ექსტრემისტების ხელში.
ისრაელის არმიაში ასევე განაცხადეს, რომ 8 დეკემბერს კომენდანტის საათი გამოცხადდა სირიის 5 დასახლებაში, რომლებიც ბუფერულ ზონაში მდებარეობს. ისრაელის არმიამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლები არ დატოვონ.
ცნობისთვის, ირსარლმა გოლანის მაღლობები 1967 წლის ომის დროს დაიკავა და ამ ტერიტორიის დიდი ნაწილის ანექსია 1981 წელს მოახდინა. 2019 წელს დონალდ ტრამპმა ამ ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.