„ნიუ-იორკ თაიმსი” - დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათების“ გაცემის შეჩერებას გეგმავს
„ნიუ-იორკ თაიმსი” - დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათების“ გაცემის შეჩერებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავიზო ლატარეის, „მწვანე ბარათების” გაცემის შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული გეგმის გამოცხადებას პრეზიდენტი უახლოეს საათებში აპირებს.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი” აღნიშნავს, „გრინ ქარდის” გათამაშების შეჩერებით აშშ-ში მოხვედრა ათობით ათასი ადამიანისთვის შეუძლებელი გახდება.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა უარი თქვა თავის გეგმაზე, რომელიც სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა.

ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა, რომ აშშ-ში იმიგრაციას დროებით აჩერებს.

„ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, გასულ წელს „მწვანე ბარათი“ ანუ „გრინ ქარდი” მილიონამდე ადამიანმა მოიპოვა. თუმცა „გრინ ქარდის” გაცემის შეჩერება ყველაზე არ გავრცელდება. გამოცემის წყაროს ცნობით, ის ამერიკელები, რომლებსაც ამ სავიზო ლატარეით შვილებისა ან მეუღლეების აშშ-ში ჩაყვანა სურთ, ამას კვლავ შეძლებენ.

დატოვე კომენტარი