„ნიუ იორკ თაიმსი“ - ბულგარელი ბიზნესმენი ადასტურებს, რომ 2014 წელს უკრაინას საბრძოლო მასალას აწვდიდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ბულგარელი ბიზნესმენი ადასტურებს, რომ 2014 წელს უკრაინას საბრძოლო მასალას აწვდიდა

ბულგარელი ბიზნესმენი ადასტურებს, რომ 2014 წელს უკრაინას საბრძოლო მასალას აწვდიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, საბრძოლო მასალა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი.

მანამდე ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას უარყოფდა.

რაც შეეხება ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეს საწყობში მომხდარი აფეთქების ფაქტს, „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიწერილ წერილში გებრევი აცხადებს, რომ ნამდვილად ინახავდა საბრძოლო მასალას ვრბეტიცეში, თუმცა ამასთან ერთად, ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ეს იარაღი უკრაინისთვის არ ყოფილა განკუთვნილი.

თუმცა, ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრის დროს უკრაინელმა მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა განმარტეს, რომ გებრევის კომპანიასთან კონტრაქტი საარტილერიო ამუნიციის მიწოდებას ითვალისწინებდა, მათივე თქმით, იმისთვის, რომ ბულგარეთის მთავრობას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა არ დაებლოკა, ამუნიციის ყუთებს დააწერეს, რომ ის ტაილანდში იგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეს საწყობში აფეთქება მოხდა, რომლის მოწყობაში პრაღა რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.