„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ში ჩნდება მზარდი აზრი, რომ რუსეთი და უკრაინა, შესაძლოა, გადავიდნენ ისეთ მოლაპარაკებებზე, რომელმაც 1953 წელს დაასრულა ბრძოლები კორეაში ან, უბრალოდ, გაყინა კონფლიქტი
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ში ჩნდება მზარდი აზრი, რომ რუსეთი და უკრაინა, შესაძლოა, გადავიდნენ ისეთ მოლაპარაკებებზე, რომელმაც 1953 წელს დაასრულა ბრძოლები კორეაში ან, უბრალოდ, გაყინა კონფლიქტი

ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩნდება მზარდი აზრი, რომ უკრაინის ომში მომდევნო რამდენიმე თვე შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს, რადგან რაღაც მომენტში ორივე მხარე საბოლოოდ, შეიძლება, გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.

ამერიკული გამოცემის ცნობით, შეიძლება, იყოს ისეთი ზავი, რომელმაც დაასრულა აქტიური ბრძოლები კორეაში 1953 წელს ან, უბრალოდ, გაყინა კონფლიქტი. სტატიის თანახმად, სულ რაღაც 18 თვის წინ თეთრი სახლისა და პენტაგონის ოფიციალური პირები განიხილავდნენ, შეიძლებოდა თუ არა უკრაინაში რუსეთის ძალების დაშლა და ქვეყნიდან მთლიანად გაძევება. ახლა თვეების განმავლობაში ნელი რუსული სახმელეთო წინსვლისა და ტექნოლოგიური ნახტომების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად შეშფოთებულია, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკმარის იმპულსს აგროვებს ომის ტრაექტორიის შესაცვლელად.

„ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვლავ წინააღმდეგია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადების, უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების საჭიროების შესახებ.

„ამერიკული მომარაგების შეფერხებას დაემთხვა უკრაინის მიერ მობილიზაციის კანონის დამტკიცება, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა ჯარისკაცი შეიყვანოს თავის ჯარში. უკრაინა განიცდის ჯარისკაცების მკვეთრ დეფიციტს და ცდილობს, უზრუნველყოს ადეკვატური წვრთნა მათთვის, ვინც ჯარში მიიყვანა. თუმცა რუსეთის ყველა ეს უპირატესობა განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდება და რუსული ძალები, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს შეტევას განახორციელებენ. იქნება ეს დროებითი თუ არა, რუსეთის ახალი იმპულსი ყველაზე მეტად ხარკოვში ჩანს. ზოგიერთი გარე ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ რუსეთის რეალური სტრატეგიული მიზანი ხარკოვის ირგვლივ ტერიტორიის აღებისას არის, აიძულოს უკრაინის ჯარები, გადაადგილდნენ ქალაქის გასამაგრებლად, რაც სხვაგან შეასუსტებს ფრონტის ხაზებს. ამან შეიძლება შექმნას შესაძლებლობა ივნისში დონბასში რუსების მორიგი შეტევისთვის“, – აღნიშნულია სტატიაში.