„ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მიმოწერას ავრცელებს – „მხოლოდ მძულს ევროპელების კიდევ გადარჩენა“, „სრულად ვიზიარებ თქვენს ზიზღს ევროპელი პარაზიტების მიმართ, ეს პათეტიკურია”

11:08, 27.03.2025

ახლა ევროპამ იცის, რას უწოდებს მას ტრამპის გუნდი ზურგს უკან: „პათეტიკური“, – ასეთი სათაურით სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა არ დამალეს თავიანთი უკმაყოფილება ევროპის მიმართ, მათი დამოკიდებულება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დახურულ კარს მიღმა.

ევროპელები აღშფოთებით გამოეხმაურნენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ Signal-ის ჩატში დისკუსიებს, სადაც შემთხვევით ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორიც დაამატეს.

„უბრალოდ მძულს ევროპელების კიდევ ერთხელ გადარჩენა“, – „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჯგუფურ ჩატში დაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ „ჰუსიტებზე“ დარტყმები გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანდა ევროპას, ვიდრე აშშ-ს.

„სრულად ვიზიარებ თქვენს ზიზღს ევროპელი პარაზიტების მართ. ეს პათეტიკურია“, – „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უპასუხა პიტ ჰეგსეტმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

როგორც გამოცემა წერს, ჩატში მყოფმა საუბრის მონაწილემ, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც SM და რომლის ვინაობად მიჩნეულია სტეფან მილერი, ტრამპის უახლოესი მრჩეველი, დაწერა, რომ ეგვიპტემ და ევროპამ უნდა აუნაზღაურონ აშშ-ს ამ ოპერაციის ხარჯები, თუ ამერიკა წარმატებით აღადგენს თავისუფალ ნაოსნობას წითელ ზღვაში.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ერთ-ერთმა ანონიმურმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ამერიკას განეხორციელებინა დარტყმა იემენში – ისინი უბრალოდ ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ.

„აშკარაა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, როგორიც იყო, დასრულებულია. უარეს შემთხვევაში, ეს არის აქტიური მცდელობა ევროპის დასუსტებისა“, – განაცხადა ნატალი ტოჩმა, იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა.

მსგავსი