„ნიუ იორკ თაიმსი“ – აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბასთან დაკავშირებული ოპერატიული ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანია კუბის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბასთან დაკავშირებული სპეციალური ოპერატიული ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანია კუბის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება და იმ ეკონომიკური, პოლიტიკური და საკადრო ცვლილებების მიღწევა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროების ინფორმაციით, ახალი ჯგუფის შექმნა სააგენტოს საშუალებას მისცემს, კუბის მიმართულებით სწრაფად გადაამისამართოს მეტი ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსი.
ჯგუფში უკვე მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევა, მათ შორის, ჯაშუშების კურატორების, დაზვერვის ანალიტიკოსების, კიბეროპერაციების ექსპერტებისა და „გავლენის ოპერაციების“ სპეციალისტების.
მსგავსი ჯგუფი აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ 1960-იან წლებშიც შექმნა. სწორედ ამ ჯგუფის თანამშრომლები კურირებდნენ კუბაში წარუმატებელ შეჭრას, რომელიც ისტორიაში „ღორების ყურის ოპერაციის“ სახელით შევიდა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ახალ ჯგუფს არ აქვს უფლება, დაგეგმოს ან განახორციელოს შეიარაღებული ოპერაციები. მისი მთავარი ამოცანაა კუბის პოლიტიკურ ელიტაში უთანხმოების გაღრმავება და იმ თანამდებობის პირების ჩანაცვლების ხელშეწყობა, რომლებიც აშშ-ის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი.
გამოცემის ცნობით, ამ ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, შესაძლოა, კუბის წინააღმდეგ ხანგრძლივი ფარული კამპანიისთვის ემზადებოდეს.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიშია აღნიშნული, კუბა უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში ამერიკული დაზვერვისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამიზნედ ითვლება.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუბაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს. მან განაცხადა, რომ ესკალაცია არ იგეგმება, თუმცა დაუშვა კუნძულის „მეგობრული შთანთქმის“ შესაძლებლობა. კუბის ხელისუფლებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა განხილვის საგანი არ არის.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა, თეთრი სახლი კუბის ხელისუფლებაზე ფართომასშტაბიან ზეწოლის კამპანიას აწარმოებს. მაისში აშშ-მა კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს ბრალი მკვლელობაში წაუყენა. საქმე ეხება 1990-იან წლებში კუბელი სამხედროების მიერ სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდებას. ივნისში ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა კუბის პრეზიდენტს, მიგელ დიას-კანელს. გარდა ამისა, ტრამპმა კუბის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადა დააწესა, რის გამოც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო.