„ნიუ იორკ თაიმსი“ - ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში ეხმარება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში ეხმარება

ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში უკვე ეხმარება. ამის შესახებ საუბარია გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, დაზვერვის თანამშრომლებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკული საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შერყევაა. ამასთან, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დაზვერვის თანამშრომლებმა კონგრესმენებს უთხრეს, რომ რუსეთის ამ მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დემოკრატების პრაიმერიზი.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არჩევნებში ჩარევისთვის გამოიყენებენ „ფეისბუქს“ და სოციალურ ქსელებს. მათ სურთ, რომ დეზინფორმაცია თავად ამერიკელებმა გაავრცელონ, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს სოციალური ქსელების დამცავ მექანიზმებს, რომელიც ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგაა მიმართული. რუსი ჰაკერები მოქმედების დროს გამოიყენებენ ამერიკულ სერვერებს. ამასთან, ისინი შეძლებენ კიბერთავდასხმების მოწყობას და ისე შენიღბავენ ქმედებებს, თითქოს იერიშები ირანიდან არის განხორციელებული“, – ნათქვამია სტატიაში.