„ნიუ იორკ პოსტი“ - სამშვიდობო გეგმის ფარგლებში განიხილება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი, რომელსაც უკრაინის, რუსეთისა და ნატო-ს არაწევრი ქვეყნების ერთობლივი კომისია განახორციელებს
„ნიუ იორკ პოსტი“ - სამშვიდობო გეგმის ფარგლებში განიხილება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი, რომელსაც უკრაინის, რუსეთისა და ნატო-ს არაწევრი ქვეყნების ერთობლივი კომისია განახორციელებს

აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში განიხილება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი, რომელსაც განახორციელებს ერთობლივი კომისია უკრაინის, რუსეთისა და ნატო-ს არაწევრი ქვეყნების შემადგენლობით. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის, შეიძლება, მოიცავდეს უკრაინაში ევროპული ძალების დისლოცირებას, თუ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნება.

„ყველაზე რთული ისაა, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს უსაფრთხოების ძალები. ჩვენ ამას ვუწოდებთ მედეგობის ძალებს. ეს ძალები არის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რაც უკრაინელებს სურთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი მათ მიიღებენ“, – განაცხადა წყარომ.

ასევე განიხილება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ძალების შექმნაც, რომლის შემადგენლობაში იქნებიან რუსეთის, უკრაინის და ნატო-ს არაწევრი მესამე ქვეყნების წარმომადგენლები. ეს მისია მოახდენს ფრონტის ხაზის მონიტორინგს, რათა დარწმუნდეს, რომ ორივე მხარე იცავს ზავს.

როგორც „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, ამ მისიაში, შესაძლოა, იყოს ჩართული ამერიკის შეერთებული შტატებიც, თუმცა არა სამხედრო ძალებით, არამედ როგორც ფინანსური ძალა, მესამე მხარესთან ერთად.

გამოცემა ასევე წერს, რომ ვერ მოახერხეს, დამოუკიდებლად დაედასტურებინათ ამერიკული მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპის წინადადება მოიცავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას პარიზში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს კიევი ყველაზე მეტად შეშფოთებული იყო შეთანხმების იმ ნაწილით, სადაც საუბარი იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რუსეთის სუვერენულ ნაწილად აღიარებაზე.

წყაროს ცნობით, უკრაინა, როგორც ჩანს, მზადაა, უარი თქვას თავისი მიწის 20%-ზე, თუ ეს ჩაითვლება ტერიტორიის დე ფაქტო აღიარებად და არა დე იურედ.

„დე ფაქტო ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთმა მოახდინა ამ მიწის ოკუპაცია, თუმცა არ ვამბობთ, რომ უკრაინა ამ მიწაზე სამუდამოდ აპირებს უარის თქმას. დე იურე ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსებს მიაქვთ ეს მიწა და ჩვენ მას მეტად ვეღარასდროს ვიხილავთ“, – თქვა წყარომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კვირაში გაასაჯაროებს სამშვიდობო გეგმის დეტალებს.

23 აპრილს ლონდონში გაიმართება შეხვედრა, სადაც აშშ, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს.

უკვე ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაციაში იქნებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.