ნინუა საქართველოს ნაკრებში გამოძახებას ელის - იმედია, სალონიკში საბერძნეთის წინააღმდეგ ვითამაშებ
ნინუა საქართველოს ნაკრებში გამოძახებას ელის - იმედია, სალონიკში საბერძნეთის წინააღმდეგ ვითამაშებ

სალონიკის პაოკ-ის ქართველი ნახევარმცველი, ნიკა ნინუა „ლამიასთან“ სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრით კმაყოფილი იყო. მისი გუნდის თასი ნახევარფინალში გავიდა, თავად კი სტუმართაგან ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

21 წლის ნახევარმცველმა გოლზე კომენტარი ბერძნულ ტელეკომპანია Cosmote-თან გააკეთა.

„რა თქმა უნდა, გოლის გატანა მახარებს და ამით თავს კარგად ვგრძნობ. მაგრამ უფრო ბედნიერი იმით ვარ, რომ საბერძნეთის თასის მეოთხედფინალური ბარიერი წარმატებით გადავლახეთ და ნახევარფინალში გავედით. ეს არის მთავარი”, – აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.

ნიკა ნინუამ ასევე უპასუხა კითხვას, საბერძნეთის წინააღმდეგ მისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობის შესახებ.

„დიახ, რა თქმა უნდა, საქართველოს ფედერაციიდან ზარს ველოდები. იმედია დამიკავშირდებიან, ნაკრების შეკრებაზე მიმიწვევენ და იქნებ, „ტუმბაზე“ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო“, – აცხადებს ნიკა ნინუა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ესტუმრება. მატჩი სალონიკში ნინუას კლუბის, პაოკ-ის საშინაო არენაზე, „სტადიო ტუმბაზე“ შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.