ნინუამ საბერძნეთის თასზე ეფექტურად გაიტანა და ქართველების გუნდი გათამაშებას გამოთიშა [ვიდეო]

ნიკა ნინუამ საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში თავის გამოჩენა მოახერხა.

21 წლის ქართელი ნახევარმცველის გუნდი სალონიკის პაოკ-ი სტუმრად „ლამიას“ ესტუმრა, სადაც ორი ქართველი თამაშობს, მაგრამ ძირითადში მხოლოდ გუგა ფალავანდიშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბაჩანა არაბული მწვრთნელმა ჩემპიონატის მატჩისთვის დაასვენა.

ნიკა ნინუა პაოკ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. საბერძნეთის თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში პაოკ-ს ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ 14 წუთი დასჭირდა. ნიკა ნინუამ ფლანგური გადაცემა ძალიან ლამაზი მოჭრილი დარტყმით დააგვირგვინა 1:0. თუმცა, ამ დროს ვიდეორეფერი ჩაერთო, რომელმაც შეამოწმა, შეტევის დროს ნიკას თანაგუნდელი თამაშგარეში ხომ არ იყო – საბოლოოდ, გოლი ჩაითვალა.

43-ე წუთზე პაოკ-ის უპირატესობის გაზრდა ავსტრიელ შტეფან შვაბს შეეძლო, მაგრამ პენალტი ცუდად დაარტყა და მეკარემ „ლამია“ გადაარჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში ნინუას გადაცემით სალონიკელებს გატანა კიდევ ერთხელ შეეძლოთ. ქართველის მოწოდებული კუთხური იოანის მიხეილიდისმა თავით დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა.

სალონიკელები ამდენი მომენტის გამოუყენებლობისთვის დაისაჯნენ. „ლამიას“ კანადელმა მცველმა მანრეკარ ჯეიმსმა 52-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

პირველი მატჩი 10 თებერვალს სალონიკში გაიმართა, პაოკ-მა 5:2 მოიგო. ორი მატჩის ჯამში, სალონიკელებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს (6:3) და საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც „არისსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი პირეოსელებს 2:1 აქვთ მოგებული.