ნინუა პაოკ-ში საგოლე გადაცემით დაბრუნდა - ქართველების უიღბლო ტური საბერძნეთში (ვიდეო)

ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-ის ფორმა მოირგო და საგოლე გადაცემა შეასრულა საბერძნეთის სუპერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე „ატრომიტოსთან“ გამართა და დამარცხდა.

ნიკა ნინუა სათადარიგოებში იყო, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ მოედანზე 78-ე წუთზე შეუშვა. ბოლოს ნინუამ სალონიკელთა შემადგენლობაში 29 ნოემბერს „ლამიასთან“ ითამაშა. ამ დაძაბულ შეხვედრაში მისი მოედანზე გამოჩენა თავიდან გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა – 82-ე წუთზე ნიკამ კუთხური შეასრულა, საჯარიმოში ეგვიპტელი ამირ ვარდა მცველებს გაექცა და თავური დარტყმით პაოკ-ი 2:1 დააწინაურა. მაგრამ სალონიკელებმა ბოლო 4 წუთი ძალიან ცუდადა ჩაატარეს, 86-ე და 90+2-ე წუთებზე აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ გუნდთან ორი ბურთი გაუშვეს და საბოლოოდ, 2:3 დამარცხდნენ.

ასევე დამარცხდა „ლამია“, რომელმაც გასვლაზე ოფი-სთან შეხვედრა 0:2 დათმო. ბაჩანა არაბული სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გუგა ფალავანდიშვილი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

15 ტურის შემდეგ სალონიკის პაოკ-ი 28 ქულით მესამე ადგილზეა, „ლამია“ კი 5 ქულით ისევ ბოლო, მე-14 პოზიციაზეა.