ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობასთან ორი აქცია მიმდინარეობს
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობასთან ორი აქცია მიმდინარეობს

„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“, – ამ სახელწოდებით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ძირითადი მოთხოვნა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დროული გამოყვანა და ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობაა.

პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტთან აქციას მართავს გურამ ფალავანდიშვილი. ისინი ეწინააღმდეგებიან იმ უფლებადამცველების პროცესში ჩართულობას, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან.

„მოთხოვნაა, რომ დაიშალოს. საპატრიარქოს ბავშვთა სახლიდან წაიყვანონ საეჭვო არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი მიმართულებით. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ეს ხალხი რას ქადაგებს და ლგბტ თემი ტყუილად არ არის ჩართული. მეუფე სპირიდონმა მათ არ მისცა სოდომიზაციის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მათ მხარეს არის და სახელმწიფოს ფაქტობრივად გაწირული ვყავართ. ასე რომ, ჩვენ აქ მოვედით, რომ ეს გავაპროტესტოთ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილის, ანა სუბელიანის თქმით, მათ მოთხოვნები სახელმწიფოსთან აქვთ და ბავშვების პანსიონიდან სასწრაფოდ გამოყვანას მოითხოვენ.

„ის ხალხი რაებს ითხოვს, არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაქვს საქმე სახელმწიფოსთან. ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს იმ მოვლენებზე, რომლებზეც აქამდეც უნდა გაეკეთებინა რეაგირება, მაშინ, როდესაც პროკურატურაში წლობით ინახებოდა გაუპატიურების, მაგალითად, ბავშვთა სახლში და დუმდნენ, არაფერს აკეთებდნენ. ახლა მაინც, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი, ჩართულობა არის ასეთი მაღალი და როდესაც მართლაც გამოაშკარავდა მდგომარეობა, რაც პანსიონშია, მათ უნდათ აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც დღეს პანსიონში იმყოფება, უნდა გამოვიდნენ სასწრაფოდ ამ დაწესებულებიდან და გადავიდნენ უსაფრთხო გარემოში. მხოლოდ იქ უნდა გააგრძელონ სოციალურმა მუშაკებმა ამ ბავშვებთან მუშაობა და სახალხო დამცველი ასევე ჩაერთოს ამ პროცესში“, – განაცხადა ანა სუბელიანმა.

პარლამენტის შენობასთან აქციების მიმდინარეობისას მცირე ინციდენტიც მოხდა. გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეების აქციაზე მყოფმა პირმა მეორე აქციის მონაწილისთვის აბრის წართმევა სცადა, რის გამოც აქციის მონაწილე სამართალდამცველებმა ტერიტორიას განარიდეს.