ნინო წილოსანი პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს აბსურდს უწოდებს
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს აბსურდს უწოდებს. როგორც ჟურნალისტებს წილოსანმა განუცხადა, საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.
„მათგან მსგავსი აბსურდი არაერთხელ მოგვისმენია. მესმის, რომ გარკვეული რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, ადამიანების გარკვეული ჯგუფს შესაძლოა მიაჩნდეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ნომრები არ უნდა ჰქონდეს და ამ მიზნით გარკვეულ ქმედებებს მიმართეს, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ყველა ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს მაიდენტიფიცირებელი ნომერი უნდა ჰქონდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხს დაველოდოთ. ჩვენი რელიგია საკმაოდ სიღრმისეული და ფილოსოფიურია. ასე მარტივად არ უნდა გავიგოთ და ნომრებზე არ უნდა დავიყვანოთ. ამ მიდგომას არ ვეთანხმები და ამ პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ“, – განაცხადა წილოსანმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.