ნინო წილოსანი - მჯერა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, შემოუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, რადგან ჩვენ ერთად გადასაწყვეტი გვაქვს უამრავი გამოწვევა
ნინო წილოსანი - მჯერა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, შემოუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, რადგან ჩვენ ერთად გადასაწყვეტი გვაქვს უამრავი გამოწვევა

მჯერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, შემოუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, რადგან ჩვენ ერთად, თანამონაწილეობით გადასაწყვეტი გვაქვს უამრავი გამოწვევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ პოლიტიკური პროცესები იმართებოდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში და ამ შემთხვევაში პარლამენტში.

„ამ რაციონალური პრინციპიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, მესამე რაუნდი იქნება რეალურად შედეგის მომცემი. რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ იმ პირობებზე და იმ კონსენსუსის წითელ ხაზებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება წარმოდგენილი, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კონსენსუსის შედეგი ნამდვილად ვერ იქნება ისეთი არალეგიტიმური მოთხოვნები, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, თუნდაც პლებისციტი, რადგან ამ მოთხოვნებს არა აქვს რეალური, არც სამართლებრივი დასაბუთება. ის არის მოტივირებული ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაჟინებული მოთხოვნით და ჩვენ ყოველ ჯერზე ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვერ ჩავატარებთ უამრავ არჩევნებს, ვადამდელს თუ რიგგარეშეს. აქედან გამომდინარე, ეს არის უგუნური. ყველა სხვა შემოთავაზებაზე მზად ვართ, წავიდეთ და დავასტაბილუროთ პოლიტიკური პროცესები, რომლის ინიცირება და დესტაბილიზაციაში გადაყვანა მოხდა ოპოზიციის სურვილით, ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო პარტნიორების სურვილს, რომ პოლიტიკური პროცესები იყოს სტაბილური და ამ ინიციატივის მოთავე ვიქნებით. ხვალ პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები ოფიციალურად იტყვიან ადგილს და შეხვედრის დროსაც“, – განაცხადა წილოსანმა.